​ანა ნაცვლიშვილი - მიმდინარეობს პროპაგანდა "ყველანი ციხეში" და ხელისუფლების მხრიდან ამ პოლიტიკურ გზავნილზე დაბრუნება, რაც დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირას გამართულ დისკუსიებში ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან ძალიან საშიში მესიჯი გაჟღერდა, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებასა და დანაშაულის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას.
მისი განცხადებით, ეს არის ძალიან საშიში გზავნილი. ამ პროპაგანდის მეშვეობით ამ გზავნილზე და ამ პოლიტიკაზე დაბრუნება სახელმწიფოს ხვალინდელი დღისათვის ძალიან დამაზიანებელი და ძალიან საშიში, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
"მოხდა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების დარაზმვა ამ მესიჯის მხარდასაჭერად. ეს მესიჯები გვაგონებს ძველ დროს, როდესაც ხელისუფლება იმართებოდა სლოგანით "ყველანი ციხეში", როდესაც გვქონდა არაადამიანური, არაჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელმაც ძალიან მძიმე დაღი დაასვა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც დღემდე ვერ უმკლავდებიან ძალიან იმ ძალიან მტკივნეულ გამოცდილებას, რომელიც სწორედ ასეთმა მიდგომამ სახელმწიფოს მხრიდან და რეპრესიულმა სისხლის სამართლის პოლიტიკამ მოიტანა”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.