​გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მონაწილეებს შეხვდნენ

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით მიმდინარე "ზაფხულის სკოლა - ქმედება იწყება" პროექტის მონაწილეებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბაკურიანში შეხვდნენ. საზაფხულო სკოლის პროექტი "ევროპულ -ქართულმა ინსტიტუტმა" განახორციელა და მასში მონაწილეობა "ინიციატივის" ქსელის 70-მდე აქტიურმა ახალგაზრდამ მიიღო.
გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა ახალგაზრდებთან საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებზე, ქვეყნის გამოწვევებსა და თავდაცვაზე, ახალგაზრდული ქსელის გაძლიერებასა და მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"საზაფხულო სკოლის" მონაწილეებს პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ვორქშოფები ჩაუტარდათ. მონაწილეები სხვადასხვა წარმატებული ორგანიზაციის სტრუქტურებსა გაეცნენ და მათ მაგალითზე ქსელის გამართული სტრუქტურა შექმნეს, რომელზეც მუშაობას სექტემბრიდან გააგრძელებენ.
გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ასევე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და ევროსაბჭოს კონგრესის ეგიდით ადგილობრივ ლიდერთა პროგრამის მონაწილეებს, რომელიც საქართველოს 14 რაიონში განხორციელდა. შეხვედრისას პროექტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გაემართათ დისკუსია მათთვის საინტერესო თემებზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობას შეეხებოდა.
სკოლის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ვორქშოფები, რომლის მიზანიც იყო გამოემუშავებინათ მონაწილეებისთვის გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების, კრეატიული აზროვნების უნარი.