​გიორგი აბაშიშვილმა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ეროვნული მედეგობის ცენტრის ამოცანები გააცნო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქმედების სკოლა“ მონაწილეებთან ლექცია- დისკუსია გამართა.
სტუდენტებთან შეხვედრამდე გიორგი აბაშიშვილმა უნივერსიტეტის რექტორთან მაკა ბერიძესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი იყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე და როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რექტორთან გრიგოლ ხანძთელის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმდა, რომელსაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებს. შეხვედრაზე საუბარი ასევე ეროვნული მედეგობის ცენტრსაც შეეხო.
„მნიშვნელოვანია, რომ ახალციხის უნივერსიტეტი ჩაერთვება ეროვნული მედეგობის ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში, კერძოდ გვსურს, რომ ახალქალაქში შევქმნათ კვლევითი ბაზა აღნიშნულ საკითხზე. ამავდროულად ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა „ქმედების სკოლის“ სტუდენტებთან. მონაწილე სტუდენტები არიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ დამატებით მიეღოთ ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი, უსაფრთხოება და ზაფხულის პერიოდი ამ კუთხით ნაყოფიერად გამოეყენებინათ. ეს პროექტი დაფინანსებულია ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან“,-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პროექტის მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერტიფიკატებიც გადასცა.