​პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს პრეზიდენტის სასახლეში ხელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მოაწერა. მისი მიზანი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის  სააგენტოს, ბანკსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
 
მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორები ერთობრივ პროექტებს განახორციელებენ  ინოვაციური და სამეწარმეო გარემოს ფორმირების ხელშეწყობის, სტარტაპების საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო აქტივობების სტიმულირების მიმართულებებით.
 
საქართველოს პრეზიდენტის ადმნინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ტიპის ინიციატივაში სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობას. ყველა პროექტი უფრო მეტად ეფექტურია, როცა მასში ჩართულია სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორი.
 
,,ამ მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ  უფრო მეტად გავაღრმავებთ თანამშრომლობას სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. მე მინდა ამ საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, რომელიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს ამ კუთხით და ასევე განსაკუთრებული მადლობა ,,თიბისი ბანკს”, რომელიც ამ მიმართულებით სტარტაპების საუკეთესო მხარდამჭერია. ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ კერძო სექტორისგან და პარალელურად უნდა დავეხმაროთ მას იმისთვის, რომ გვასწავლოს და ერთად შევქმნათ უფრო მეტი”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
 
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პარტნიორებმა პირველი პროექტის - „სტარტაპ კვირეული“  დაწყება დააანონსეს, რომელიც მაისის ბოლოს თბილისში და ივნისის ბოლოს ზუგდიდში ჩატარდება. კვირეულის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ კავშირებს.
 
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპ კვირეული თბილისში შეჯამდება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაუმართება სასტუმრო ,,ჰუალინგში’’ და რომელსაც გახსნიან და დაესწრებიან: საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები”, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.