​პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით სოფელ ჭელაში ბიბლიოთეკა გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელას ეწვია და ახლადგახსნილი ბიბლიოთეკა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მუსლიმთა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში გაიხსნა.
გიორგი აბაშიშვილმა, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში, სოფელ ჭელას ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების საგანმანათლებლო საჭიროებებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, სარეზერვო ფონდი დამატებით სახელმძღვანელოებით დაეხმარება ბიბლიოთეკას, რომლებიც სტუდენტებსა და აბიტურიენტებს გამოცდებისთვის მოსამზადებლად ესაჭიროებათ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სოფლებში მსგავსი ჩართულობის ცენტრების არსებობა, ვინაიდან ეს არის საშუალება ახალგაზრდებისთვის მიიღონ დამატებითი განათლება, ასევე მოეწყოს დისკუსიები სამოქალაქო განათლების საკითხებზე. ასევე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ბიბლიოთეკას დავეხმარებით სხვადასხვა ლიტერატურით, რომელიც ძირითადად შეეხება იმ საგანმანათლებლო საჭიროებებს, რაც სჭირდებათ აქ მცხოვრებ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა
შეხვედრას თემის უხუცესი და სოფელში მცხოვრები ახალგაზრდობა ესწრებოდა.