ანა ნაცვლიშვილი - ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის დაწყებას ეხმაურება, და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე.
"დღევანდელი კანონმდებლობით სახელმწიფო კანონით არის ვალდებული უზრუნველყოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება სპეციალური დაცვის სამსახურის მეშვეობით, მაგრამ ახლა მომზადდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს, რომ უკვე ყოფილ პრეზიდენტს კანონით აღარ ექნება დაცვის ეს გარანტია და დაიცავს თუ არა მას სახელმწიფო ეს იქნება დამოკიდებული არა კანონზე, არამედ მთავრობის კეთილ ნებაზე. 
ეს ცვლილება არის პრინციპულად არასწორი, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ამავე დროს არის უმაღლესი მთავარსარდალი, არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, მას სჭირდება დაცვის უმაღლესი გარანტიები და ასევე ძალიან ნათელია, გამომდინარე იმ ფაქტორიდან, როდის მომზადდა ეს ცვლილებები და რა კონტექსტი გვაქვს ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.