ანა ნაცვლიშვილი - "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებების მიზანია კიდევ ერთხელ დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში მომზადებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცლა აღარ ეყოლება.
როგორც ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, აღნიშნული ცვლილებების მიზანია დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი,  შეიზღუდოს პრეზიდენტის უსაფრთხოება და ეს გარანტირებული იყოს არა კანონით, არამედ დამოკიდებული იყოს მთავრობის ნებაზე.
ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მინიშნებაა მომავალი პრეზიდენტისათვის, რომ მისი უსაფრთხოება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციების განხორციელების პროცესში, დამოკიდებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებასა და მთავრობის კეთილ ნებაზე.
მისი განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ზოგადად ამ ინსტიტუტის როლი ყოფილიყო შემცირებული და მნიშვნელოვანწილად დაკნინებული.
"მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა ევალება სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურს და ეს ვალდებულება გრძელდება მას შემდეგაც, რაც პირის უფლებამოსილება ამოიწურება. მაგრამ ახლა შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილება, როდესაც კანონი კი აღარ იქნება ამ გარანტიის მიმცემი პრეზიდენტისთვის, არამედ ეს უნდა გადაწყვიტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობამ.
პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობის და დამოუკიდებლობის გარანტი და ამ როლის ეფექტური შესრულება ძალიან მნიშვნელოვანწილად საჭიროებს უმაღლეს გარანტიებს უსაფრთხოების, დაცულობის და სწორედ, ამ უმაღლესი გარანტიების შემცირებასთან გვაქვს ახლა საქმე, რაც არის არასწორი და იქნება პრობლემური. იმ კონსტიტუციით, რომელიც არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურაა და ახლა ამ ზეპარტიული პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხი უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს ცვლილებები ახლა ხორციელდება. ეს არის სიგნალი და მესიჯი არა მხოლოდ მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებისთვის, არამედ მომავალი პრეზიდენტისთვის.
ახლა ჩვენ ვიმყოფებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში, როდესაც ადამიანები თავის კანდიდატურას აყენებენ ამ პოზიციის დასაკავებლად. ეს ცვლილება არის მცდელობა, რომ დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი და მიანიშნოს მომავალ პრეზიდენტს, რომ მისი უსაფრთხოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციების  განხორციელების პროცესში, მისი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მომავალში მთავრობის გადაწყვეტილებაზე და მთავრობის კეთილ ნებაზე", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.