ფიქრია ჩიხრაძე- პრეზიდენტის განცხადება პოლიტიკურმა სპექტრმა საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე გაიგო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის განცხადება, რუსეთის ლიდერთან დაკავშირებით, პოლიტიკურმა სპექტრმა საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე გაიგო.
ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, რომ გიორგი მარგველაშვილს ორი დღის წინ სტუდენტებთან შეხვედრაზე ახალი არაფერი უთქვამს,- რუსეთთან დიალოგის დაწყებას ხელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უშლის.
„არსებობს წითელი ხაზები და რომ ეს წითელი ხაზები დაუძლეველია და სანამ არსებობს ოკუპაციის პრობლემა, მანამდე ასეთი დიალოგი ვერ შედგება. ადამიანები, რომლებიც ამას გამოეხმაურნენ უაპელაციოდ, ან უნდა ვიფიქროთ, რომ საერთოდ არაფერს არ კითხულობენ და კომენტარს ისე აკეთებენ - მოყოლილზე, ერთმანეთის წამხედურობით. ან ყველაფერი კარგად გაიგეს, მაგრამ წინასაარჩევნო ეიფორიამ განაპირობა ის, რომ ზოგი თავისი დღის წესრიგიდან გამომდინარე, თავს დაესხა, ზოგმა, იეჭვიანა. არ ღირს ამ წიაღსვლებში წასვლა,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.