გიორგი აბაშიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით სასკოლო დებატები გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით დაწყებული პროექტის "დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის - სასკოლო კლუბების ქსელი საქართველოში" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც სკოლებში საკლუბო საქმიანობისა და სასკოლო დებატების განვითარებას ისახავს მიზნად.
პროექტი, რომელსაც "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი" ახორციელებს, ასევე ითვალისწინებს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიან პერიოდში მიმდინარე პროცესების მიმართ, ახალგაზრდების ჩართვას ისეთი თემატიკის სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას ემსახურება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რეგიონების ათეულობით სკოლაში სასკოლო დებატების ჩამოყალიბებას, ხელშეწყობას და რაც მთავარია, აღნიშნული დებატების თემატიკა საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებული საკითხებია. 
"მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე სკოლის მოსწავლეებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია. პროექტში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები რეგიონებიდან მასწავლებლები, რომლებიც ორგანიზებულად უზრუნველყოფენ დებატების ხელშეწყობას. პროექტის პარტნიორები არიან და პროექტით დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას უზრუნველყოფენ გურჯაანის, ყვარლის, მცხეთის, ქარელის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის და თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრები", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 
პროექტი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20-მდე სკოლის 200-მდე მოსწავლეს, პედაგოგებს, საჯარო უწყებებსა და რეგიონული თემის წარმომადგენლებს.