გიორგი აბაშიშვილმა მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით დასის წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცათ.

ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ღირსეული სამსახურისათვის თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ასევე მსახიობები თამარ მამულაშვილი და სერგო შვედკოვი ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ.

ღირსების მედლით კი, თეატრის დასის წევრების: თამაზ გველებიანის, ნათელა გიორგაძე-პაატაშვილის, მარიკა გოგიჩაიშვილის, თამაზ გორჯოლაძის, იოსებ მოლოდინაშვილის, ნათელა ჩიტაძის და ნელი ჯავახიშვილის ღვაწლი აღინიშნა.  

თეატრის დასის წარმომადგენლებს ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს, თეატრში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა.

"მოზარდ მაყურებელთა თეატრი საქართველოს კულტურული განვითარების ისტორიაში წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრს 90 წელი უსრულდება და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობები ჯილდოვდებიან ღირსების ორდენით და ღირსების მედლით.

ისინი ქმნიან, და მათმა ნაწილმა უკვე შექმნა, ამ თეატრის საკმაოდ დიდი ისტორია, რომელიც შემდეგ თაობებს გადაეცემათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.