კახა კოჟორიძე - აუცილებლად მიაჩნია, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეთა გაფიცვასთან დაკავშირებით, მეორე მხრიდან გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ მწვავე პროცესს დიალოგისკენ და საბოლოო შეთანხმებისკენ წაიყვანს

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეთა აქციაზე მივიდა და გაფიცულებს გაესაუბრა.
კახა კოჟორიძის განცხადებით, მეტროპოლიტენის მემანქანეები კონსტიტუციური უფლებების მიხედვით მოქმედებენ, რადგან შიმშილობა და გაფიცვა მათი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებია. ამასთან, კახა კოჟორიძეს აუცილებლად მიაჩნია, რომ მეორე მხრიდან გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ მწვავე პროცესს დიალოგისკენ და საბოლოო შეთანხმებისკენ წაიყვანს.
"მთელი ეს პერიოდი, როცა ამ ადამიანებმა თავიანთი კონსტიტუციური უფლებების ფარგლებში დაიწყეს პოზიციის დაფიქსირება, ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალს. ისინი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებენ. ცხადია, მოლაპარაკებას ამ პროცესში ალტერნატივა არ აქვს და აუცილებლად მიმაჩნია მოლაპარაკებების გაგრძელება. ზოგადად ის, რომ ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ, მგონი, ამაზე საუბარი არ არის და სახელფასო პოლიტიკა სამართლიანი უნდა იყოს. დღევანდელ შეხვედრაზე მემანქანეებმა იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ხელფასის მომატების მოთხოვნას ისინი 2014 წლიდან აყენებენ. ეს გრძელვადიანი პროცესია, ასე არ უნდა დადგეს საკითხი, რომ უცებ ვიღაცამ გადაწყვიტა შანტაჟი. ეს არასწორი შეფასება იქნება, ეს არ იქნება სამართლიანი შეფასება ამ პროცესისთვის.
2014 წლიდან პერიოდულად ხდებოდა სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები. 2016 წელს შედგა შეთანხმება, სადაც განისაზღვრა, რომ 2017 წელს მოხდებოდა ამ შეთანხმების გადახედვა ხელფასების გაზრდის მიმართულებით, თუმცა ეს შეთანხმება ხელფასების ზრდის კუთხით არ შესრულდა. შესაბამისად, ამ ადამიანების პროტესტიც აქედან მომდინარეობს.
ამ რამდენიმეწლიანი პროცესის გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, რომ მეორე მხრიდან უნდა გადმოიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მწვავე პროცესს დიალოგისკენ და საბოლოო შეთანხმებისკენ წაიყვანს", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.