​​გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა პოლონელ კოლეგებთან საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმო ღონისძიებებში პოლონური მხარის მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა შეხვედრები გამართეს პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს უფროსთან პაველ სოლოხთან და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან კჟიშტოფ  შჩერსკისთან.
შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ პოლონელ კოლეგებთან 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში პოლონური მხარის მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.