საქართველოს შესახებ

დედაქალაქი -  თბილისი
ფართობი  - 69,700 კმ²
კლიმატი – მრავალფეროვანია: ნალექი – მცირე რაოდენობით, ჰაერი – მშრალი.
მოსახლეობა  - 3 720.4 ათასი კაცი (2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

 
ეროვნული ვალუტა - ლარი
 
მდებარეობა - საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში.   დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი.
 
ისტორია
 
საქართველო უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა. ეს ტერიტორია ადამიანებით ჯერ კიდევ 1.7 - 1.8 მილიონი წლის წინათ იყო დასახლებული. ამ ფაქტს ასაბუთებს 1999 წელს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქ. დმანისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჰომო ერექტუსი (გამართული ადამიანის) თავის ქალა და არქანტროპის ქვედა ყბა. დღესდღეობით დმანისელი ადამიანი ევრაზიის კონტინენტის უძველეს მკვიდრადაა მიჩნეული და მას “პირველ ევროპელსაც” კი უწოდებენ.
 

საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელიც “აბრეშუმის გზის” სახელითაა ცნობილი. ეს გზა ინდოეთსა და შუა აზიას ევროპასთან აკავშირებდა. ერთი მხრივ, ეს ხელს უწყობდა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმავლობას, მეორე მხრივ კი, ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო, არაერთხელ გამხდარა დამპყრობთა თავდასხმის ობიექტი, მოქცეულა სხვათა გავლენის ქვეშ, დაუკარგავს ტერიტორიები, მაგრამ ქართველი ხალხი ყოველთვის პოულობდა ძალას, რათა გათავისუფლებულიყო უცხო ტომთა ბატონობისაგან. მრავალი დიდი იმპერია განადგურდა, მაგრამ საქართველო დღესაც ფეხზე დგას და აგრძელებს ბრძოლას საკუთარი ინტერესების დასაცავად. ქართველი გმირები ბრძოლაში დღესაც სწირავენ თავს სამშობლოს ერთიანობას.
 
საქართველოს ისტორიაში პირველი ოფიციალური პოლიტიკური ფიგურა მეფე ფარნავაზპირველის სახით გამოჩნდა (ძვ.წ. 304-239), რომელმაც მთელი რიგი სახელმწიფო და რელიგიური რეფორმები განახორციელა. მის სახელს უკავშირდება დამწერლობის შემოღება ქართლში.  იგი იბერიის პირველ მმართველად მოიხსენიება  და მასვე უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა და გავრცელება. ქართველოლოგიაში გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ფარნავაზის მიერ ქართული ანბანის შემოღების თარიღია ძვ. წ. აღ. 285 – 284 წლები.
 
ქრისტიანობა - საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკუნიდანვე იწყება, როდესაც ღვთისმშობლის თხოვნით მის წილხვედრ ივერიაში მოციქულები წმ. ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მატათა ჩამოვიდნენ ქადაგებისთვის. თუმცა  საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა 326 წ. გამოცხადდა. ეს ფაქტი მირიან მეფისა და ნანა დედოფლის სახელებთანაა დაკავშირებული, რომლებმაც ქრისტიანობა წმინდა ნინო კაბადოკიელის საქართველოში შემოსვლის შემდეგ მიიღეს (ქართულმა ეკლესიამ მეფე მირიანი წმინდანად შერაცხა).
 
ვახტანგI ვახტანგ გორგასლის სახელითაა ცნობილი. მისი გამეფების თარიღი დღემდე დაუზუსტებელია. ისტორიკოსთა უმრავლესობა ვახტანგის გამეფების სავარაუდო თარიღად Vს-ის 40-იანი წლების მიწურულს ასახელებს. მისი გარდაცვალების თარიღიც ასევე სავარაუდოა და 502 წელია მიჩნეული. V საუკუნის 60-70-იან წლებში ვახტანგ გორგასალმა ირანელთა დახმარებით შეძლო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება. მანვე დააარსა საქართველოს დღევანდელი დედაქალაქი - თბილისი. ვახტანგ გორგასლის  სახელს უკავშირდება ქართული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის, “თვითმწყემსობის” მინიჭება. კათალიკოსობის დაწესებით ვახტანგი აძლიერებდა ქვეყნის დამოუკიდებლობას და სამეფო ხელისუფლებას. (ქართულმა ეკლესიამ მეფე დავითი წმინდანად შერაცხა)
 
როდესაც საქართველოს სამეფო - სამთავროებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპში შევიდა, სამეფო ტახტზე ბაგრატ III ავიდა, რომელმაც დაწყებული საქმე დააგვირგვინა და გახდა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. ისტორიულ წყაროებში იგი მოიხსენიება როგორც “მეფედ აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა”.
 
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული მმართველია დავით IV აღმაშენებელი (1089-1121წ.წ.). მისი მმართველობის პერიოდში ძველი მეტოქეები მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას  ცდილობდნენ. მან ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე პერიოდში მოახერხა დიდგორის უმძიმეს და უთანასწორო ბრძოლაში (1121 წლის 12 აგვისტო) მოწინააღმდეგის დამარცხება და თურქ-სელჩუკთა განდევნა. მასვე ეკუთვნის სამხედრო დ  საეკლესიო რეფორმის განხორციელება და სხვ. (ქართულმა ეკლესიამ მეფე დავით IV წმინდანად შერაცხა).
 
მეფე თამარი (1184-1213  წ.წ ) პირველი ქალი მმართველია საქართველოს ისტორიაში, რომლის მეფობის პერიოდი „ოქროს ხანის“ სახელითაა ცნობილი.  მისი მმართველობის დროს საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდა და კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. თამარი იწოდებოდა როგორც „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“.  თამარის მეფობის დროს გამუდმებული ლაშქრობების შედეგად საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ თავის კონტროლს დაუქვემდებარა აღმოსავლეთ და დასავლეთ ამიერკავკასიის სავაჭრო გზები. თამარმა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ბერძნებთან ერთად ლაზურ-ჭანური ტომებით დასახლებულ ტერიტორიაზე შექმნა ტრაპიზონის სამეფო. თამარის დროს, საქართველო ცდილობდა ბიზანტიის იმპერიის ადგილის დამკვიდრებას და დასავლეთის კულტურის დამცველის როლში გამოდიოდა. (ქართულმა ეკლესიამ მეფე თამარი წმინდანად შერაცხა).
 
თამარის მეფობის ხანაში დაიწერა მსოფლიო მნიშვნელობის პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც შუასაუკუნეების საქართველოს ეროვნული და კულტურული მონაპოვარია. მისი ავტორის, შოთა რუსთაველის შესახებ ძალზე მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი. ქართველებისთვის „ვეფხისტყაოსანს“ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და იგი დღესაც ბევრ ოჯახში სამაგიდო წიგნს წარმოადგენს. “ვეფხისტყაოსანი” 50-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და აღიარებულია, როგორც მსოფლიო კულტურის შედევრი.
 
გიორგი V ბრწყინვალემ  (1318-1346 წ.წ.) პოლიტიკურად დაშლილი და ეკონომიკური დასუსტებული ქვეყანა ჩაიბარა. მან, ფაქტობრივად, ფერფლიდან აღადგინა საქართველო და დაუბრუნა ძველი დიდება, ქართველი ერი კი გადაშენებისგან იხსნა. ქართველმა ერმა მას მეტსახელი - ბრწყინვალე შეარქვა.
 
თავდაპირველად მან ქვეყანა შიგნიდან გააძლიერა და შეძლო დასავლეთ საქართველოს შემოერთება, რასაც მონღოლებისთვის ხარკის შეწყვეტა მოჰყვა და საბოლოოდ ქვეყნიდან განდევნა კიდეც ისინი. გიორგი V იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისთვის. მან განახორციელა ფინანსური (მოჭრა ფული, რომელიც ცნობილია „გიორგაული თეთრის“ სახელით) და საკანონმდებლო რეფორმები. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლები „ხელმწიფის კარის გარიგება“ და ძეგლისდება“.
 
იგი ძალიან ფრთხილი პოლიტიკით გამოირჩეოდა. მას კარგი ურთიერთობები ჰქონდა როგორც დასავლეთის ისე აღმოსავლეთის მმართველებთან. მისი მართველობის დროს გაიზარდა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. ეგვიპტის სულთანმა ქართველებს მიზგითად გადაქცეული ჯვრის მონასტერიც დაუბრუნა. ქართველებს უფლება ჰქონდათ იერუსალიმში გაშლილი დროშებით ცხენზე ამხედრებული შესულიყვნენ. 1330 პაპიონე XXII-ის თხოვნით კათოლიკური ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანეს.
 
ვახტანგ VI -ს (1675-1737 წ.წ.) მმართველობის ხანა გამოირჩევა, როგორც საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური განვითარებისა და აღორძინების საწყისი პერიოდი.
 
ვახტანგის პიროვნულ ფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მის ბიძას და აღმზრდელს სულხან-საბა ორბელიანს, რომელმაც “სიბრძნე სიცრუისა”-ში მოცემული უფლისწულის აღზრდის კონცეფცია სწორედ მისთვის შეიმუშავა. მისი თაოსნობით 1712წ. დაიბეჭდა “ვეფხისტყაოსანი”. ვახტანგ VI- მ შექმნა “სწავლულ-კაცთა კომისია”, რომელიც დაევალა საქართველოს ისტორიის დაწერა. გამოსცა ქიმიის სახელმძღვანელო: წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა”. მოწესრიგდა ზაზა ფანასკერტელის “კარაბადინის” ხელნაწერი. ითარგმნა სპარსულიდან ასტრონომიული ნაშრომით “ზიჯი” (ვარსკვლავთმრიცხველობა) და “ქმნულების ცოდნის წიგნი”. გამოსცა სპარსულ-ქართული ასტრონომიული ლექსიკონი. თარგმნა რუსულიდან “აპოგთეგმატა” სოკრატეს სიტყვებისა და რომაელ იმპერატორთა ბიოგრაფიების კრებული. სპარსულიდან თარგმნა ინდური ლიტერატურული ძეგლი “ქილილა და დამანა”.
 
ერეკლე II (1720-1798  წ.წ.), ქართლ-კახეთის მეფე, ყოველმხრივ ცდილობდა ქვეყნის განახლება-გაძლიერებას, მაგრამ სამეფო კარზე აგორებულმა ინტრიგებმა, ფეოდალების ქიშპობამ, ბატონიშვილების მრავალრიცხოვნების გამო სამეფოს დარღვეულმა ერთიანობამ და რაც მთავარია ირანელთა შემოსევამ ამის საშუალება არ მისცა. მეფე  იძულებული გახდა  რუსეთის იმპერიასთან კავშირი შეეკრა და ხელი მოაწერა „გიორგიევსკის ტრაქტატს“ (1783 წ.).  რუსეთის მხარემ ტრაქტატის პირობები მალევე დაარღვია და მეფის გარდაცვალების შემდეგ,  საქართველოს სამეფო-სამთავროების გაუქმებაც დაიწყო, რაც ძალთა უთანასწორობის გამო მალევე მოახერხა.  ამის შემდეგ საქართველოს ტერიტორია რუსეთის გუბერნიად იქცა.
 
საქართველოს დამოუკიდებლობა - რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების იდეა გაჩნდა, რომლის ხორცშესხმა 1918 წლის 26 მაისს მოხერხდა. ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კოალიციური მთავრობა, რომლის პირველ თავმჯდომარედ ნოე რამიშვილი აირჩიეს, ხოლო 24 ივლისიდან იგი ნოე ჟორდანიამ შეცვალა.
 
საქართველოს ანექსია - საქართველოს დამოუკიდებლობამ დიდხანს არ გასტანა, რადგანაც 1921 წლის 25 თებერვალს, ქვეყანაში რუსეთის წითელი არმია შემოვიდა. ქართულმა მხარემ მტერს წინააღმდეგობა გაუწია. პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელმა, ივანე ჯავახიშვილმა სტუდენტებს სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდა და ისინიც ამ მოწოდებას უკანმოუხედავად გაჰყვნენ.  იუნკერები კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ, თუმცა, ძალთა უთანასწორობის გამო, საქართველოს დამოუკიდებლობა დაემხო. საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. საქართველო გასაბჭოვდა.
 
პოსტსაბჭოთა პერიოდი - XX საუკუნის ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში საქართველოში ანტისაბჭოთა მოძრაობა გააქტიურდა. 1989 წლის აპრილში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა, რომელიც საბჭოთა არმიამ  9 აპრილს დაარბია და რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
 
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად გამსახურდია აირჩიეს.
 
ამავე პერიოდში, 90-იანი წლების დამდეგს საქართველოს ორ რეგიონში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში (სამხრეთ ოსეთი) მიმდინარეობდა კონფლიქტი. იმ პერიოდისთვის კონფლიქტის დაწყების მიზეზად ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი პრობლემები სახელდებოდა, თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ კონფლიქტის მხარე არა აფხაზეთი ან ცხინვალის რეგიონი (სამხრეთ ოსეთი), არამედ რუსეთი იყო, რომელიც რეგიონში სეპარატიზმს უჭერდა მხარს.
 
2008 წლის აგვისტოში რუსეთი კვლავ დაესხა თავს საქართველოს და ზემო აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიების ოკუპაციაც მოახდინა, რომლებზეც ვრცელდებოდა საქართველოს იურისდიქცია ვრცელდებოდა. ამჟამად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ დოკუმენტაციაში  რუსეთს ოკუპანტად მოიხსენიებენ.  
 
ამჟამად საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.
 
ზვიად გამსახურდია პრეზიდენტის პოსტზე ედუარდ შევარდნაძემ შეცვალა, რომელიც საქართველოში 1992 წელს ჩამოვიდა და ქვეყანას 2003 წლამდე ხელმძღვანელობდა.
 
2003 წლის ნოემბერში ქართველმა ხალხმა გააპროტესტა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც სათავეში იმ დროისათვის ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი ედგნენ. 23 ნოემბერი საქართველოს ოსტორიაში “ვარდების რევოლუციის” სახელით შევიდა. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტიამ “ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიპოვა.

2004 წლის 4 იანვარს გაიმართა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა ხმათა 96 პროცენტით გაიმარჯვა.

2012 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ოპოზიციურმა კოალიაციამ „ქართულმა ოცნებამ“.  2013 წლის 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 62.18%-ით გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს.

მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წელს ჩატარდა. იგი ორ ტურად - 28 ოქტომბერსა და 28 ნოემბერს გაიმართა და არჩევნებში ხმათა 59.52 % -ით პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

 

კულტურა

საქართველო უძველესი, მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის ქვეყანაა, რაზეც მიანიშნებს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე, არსებულ ქართული სახელმწიფოებში (იბერია, კოლხეთი) განვითარებული იყო ოქრომჭედლობა და არქიტექტურა, (ვანი, უფლისციხე), ენეოლითის ხანაში ქართველი ტომები აწარმოებდნენ ლითონს. ბერძნული წყაროების და მითების მიხედვით კი, კოლხეთი ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო.

სხვადასხვა ისტორიული პერიოდების განმავლობაში ქართულ კულტურულ ტრადიციებს უცხო ქვეყნების ტრადიციები ერწყმოდა, რაც უფრო მეტად ამდიდრებდა ადგილობრივ კულტურას.
 
საქართველო გამორჩეულია მრავალფეროვანი არქიტექტურული ნაგებობებით, რომლებიც ქვეყნის საგანძურადაა ქცეული. დიდსა და პატარა ქალაქებსა თუ სოფლებში მრავლადაა უნიკალური სტილის არქიტექტურული ტაძრები, რთული დეტალებითა და გასაოცარი ფრესკებით. დღემდე შემორჩენილია პირველ ათასწლეულში ნაგები ეკლესია-მონასტრები, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ძალზე განვითარებული იყო სამშენებლო ტექნოლოგია.
 
მე-19 საუკუნის მიწურულს ევროპაში მოდერნიზმის განვითარებამ ქართულ არქიტექურაზეც მოახდინა გავლენა. თბილისისა და ბათუმის ქუჩები სწორედ ამ სტილში იქმნებოდა, რაც ერწყმოდა საბჭოთა ეპოქაში აშენებულ შთამბეჭდავ შენობებს.
 
ქართული კულტურის ფორმირებაში დიდი როლი შეასრულა აღმოსავლეთის და დასავლეთის ცივილიზაციებმა. ამ ორი ცივილიზაციის შერწყმით საქართველომ ინდივიდუალური ეროვნული კულტურა შექმნა. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულა ხატწერამ, ფერწერამ და მინანქარმა. რაც შეეხება ტიხრულ მინანქარს, ეს მიმართულება საქართველოში წარმოიშვა და მის სამშობლოდ სწორედ ჩვენი ქვეყანა ითვლება.
 
მე-19 მე-20 საუკუნეებში ქართველი მხატვრები განათლებას იღებდნენ პარიზსა და სანკტ-პეტერბურგში. მათი წყალობით ქართული მხატვრობის ახალი ფაზა დაიწყო. ელენე ახვლედიანმა, ლადო გუდიაშვილმა და დავით კაკაბაძემ ქართულ ფერწერაში კუბიზმისა და იმპრესიონიზმის სტილი შეიტანეს. აქვე უნდა აღინიშნოს საყოველთოდ აღიარებული ფერმწერი, პრიმიტივისტი ნიკო ფიროსმანი, რომლის ნამუშევრები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
 
ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია ხალხური მუსიკა, რომელიც უნიკალურია მსოფლიო მასშტაბით. ქართული ფოლკლორის დამახასიათებელია მრავალხმიანობა, რომელიც ხალხური მუსიკალური აზროვნების მწვერვალს წარმოადგენს. გვხვდება არქაული მუსიკალური აზროვნების პლასტებიც.
 
შემთხვითი არაა, რომ 2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა.
 
ქართული ტრადიციული მრავალხმიანობისადმი ინტერესი სულ უფრო მეტად ღვივდება: 2003 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ მართავს საერთაშორისო სიმპოზიუმებს.
 
გამოჩენილი მეცნიერები, ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, კომპოზიტორები და მუსიკოსები აღიარებენ, რომ განვითარების დონით მსგავსი მრავალხმიანობა, მსოფლიოში არსად არ გვხვდება.
 
ამერიკელმა ფოლკლორისტმა ალან ლომაქსმა საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქად მოიხსენია. ამერიკელებმა, მისივე რჩევით, დედამიწის ცივილიზაციის გასაცნობად, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიასთან და ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად, კოსმოსში "ჩაკრულო" გაგზავნეს ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებით.
 
რუსმა მუსიკათმცოდნემ ბორის ასაფიევმა აღნიშნა: "ქართული ხალხური მრავალხმიანი კულტურა უკვე დიდი ხანია აღიარებულია ისტორიულ წვლილად მუსიკის ზოგადსაკაცობრიო დიდ საგანძურში. იგი გვანცვიფრებს და ქედს გვახრევინებს ქართველი ერის მუსიკალური გენიის წინაშე".
 
ქართული მუსიკალური ფოლკლორი მოიცავს როგორც ხმიერ (ვოკალური), ისე საკრავიერ მუსიკას. საკრავიერი მუსიკა გვხვდება სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტების სახით. ტრადიციული სამხმიანი სიმღერის გარდა, გავრცელებულია ერთი, ორი და ოთხხმიანი სიმღერებიც. ოთხხმიანობა დასავლეთ საქართველოში, გურულ და აჭარულ მუსიკალურ ფოლკლორში გვხვდება.
 
ქართული მუსიკალური ფოლკლორი გამოირჩევა დიალექტური მრავალფეროვნებით. თითოეული დიალექტი განსაკუთრებულია თავისებური მუსიკალური ენით, თუმცა, ამავდროულად, ზოგადქართული მუსიკალური აზროვნებისთვის დამახასიათებელ კანონზომიერებებს ემყარება.
 
ქართული მუსიკალური ფოლკლორი ჟანრული მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. კერძოდ, საწესო-საფერხულო, საკულტო, საყოფაცხოვრებო, შრომის, ლირიკული და სხვ.
 
მეცნიერთა მოსაზრებით, საქართველო არა მარტო მართლმადიდებელ, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიან გალობას დაუდო საფუძველი.
 
ქართული სასულიერო მუსიკა თავდაპირველად ბიზანტიურ ტრადიციებს ეყრდნობოდა. ბერძნული გალობა ერთ ხმაში სრულდებოდა, ქართული მუსიკალური აზროვნებისთვის კი, სამხმიანი მუსიკა იყო მისაღები. იმისათვის, რომ მრევლისთვის გალობა ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო, საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე, გალობა სამხმიანი გახდა, რამაც განსაკუთრებული თავისებურება შესძინა მას.
 
საუკუნეების განმავლობაში ქართულმა გალობამ განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, დადგენილია, რომ ეს არის პროფესიული ხელოვნება და არა ხალხური შემოქმედების ნაწილი.
 
ქართული საგალობელი მხოლოდ და მხოლოდ სამხმიანია. XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ღვთისმსახური და ნეოპლატონიკოსი იოანე პეტრიწი იმისათვის, რომ ახლადგაქრისტიანებული მრევლისთვის სამების არსი განემარტა, ქართულ სამხმიანობას იყენებდა - როგორც სამი ხმა შეიკვრის ჰარმონიულად, ისე განუყოფელია სამების სამი იპოსტასი.
 
ივანე ჯავახიშვილის კვლევების თანახმად, საქართველოში ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში არსებობდა ქართული მუსიკალური დამწერლობა. თუმცა, სამწუხაროდ, მან ჩვენამდე ვერ მოაღწია. ერთადერთი წყარო მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულია, რომელშიც საგალობლთა ტექსტებს თან ერთვის ნევმები (მუსიკალური ნიშნები).
 
XIX საუკუნის დამლევს დაიწყო საგალობლების ინტენსიური ჩაწერა, რამაც დაკარგვას გადაარჩინა ასობით უნიკალური ნიმუში. ეს საგალობლები ამჟამად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფონოარქივშია დაცული.
 
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1917 წლიდან ფუნქციონირებს. სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი სასწავლებელს 1924 წელს მიენიჭა. კონსერვატორიის პირველ პედაგოგებს შორის იყვნენ ლისტის, ვენიავსკის, მარმონტელის, ჩაიკოვსკის, მოშელესის, კულაუს მოწაფეები, ჯულიარდის სკოლის დამაარსებლები.
 
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფი კულტურის ერთგვარი სიმბოლოა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, რომელიც 1851 წელს გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა. ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ოპერის თეატრი, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა, ფასადით და შიდა ინტერიერით იმხანად არსებულ ევროპის თეატრებს შორის არქიტექტურული იერით გამოირჩეოდა. გახსნის დღიდან თეატრი მასპინძლობდა დასავლეთ ევროპისა და სხვა ქვეყნების საოპერო თუ საბალეტო დასებს. საგასტროლოდ ჩამოსულ ხელოვანებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონსერატ კაბალიე, ფერუჩო ფურლანეტო, ხოსე კარერასი, მანუელ ბელტრანი, ბარი ანდერსონი, ელენა ობრაზცოვა; მოცეკვავეები ანდრეი უვაროვი, სერგეი ფილინი, იგორ ზელენსკი, ანხელ კორელა, მარია ალექსანდროვა, სებასტიან კლობორგი და სხვ.
 
2004 წლიდან თბილსისი საბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა მსოფლიოში აღიარებული პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომელმაც კლასიკური ქორეოგრაფია სხვადასხვა ქორეოგრაფიული სტილითა და მიმდინარეობით გაამდიდრა.
 
1960 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქუთაისის ფილიალი შეიქმნა, რომელიც 1990 წლიდან დამოუკიდებელ საოპერო თეატრად ჩამოყალიბდა და მას დიდი ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის სახელი მიენიჭა. 2010 წელს შენობის რეაბილიტაციის შედეგად, ფასადი და შიდა ინტერიერი სრულიად შეიცვალა. ბალანჩივაძეების სახელობის ქუთაისის ოპერის სახელმწიფო თეატრი და მუსიკალური დარბაზი ახლა ვენის ოპერის მცირე ანალოგია.
 
ბათუმის ხელოვნების ცენტრი, რომელიც 2011 წლის 15 აგვისტოს გაიხსნა, გასაკუთრებული არქიტექტურული სტილით გამოირჩევა. მოქმედი შვიდი შადრევანი, რომლებიც შენობის ექსტერიერსა და ინტერიერს ამშვენებს, ზღაპრული სამყაროს შთაბეჭდილებას ქმნის. შენობის დიზაინი და არქიტექტურა ქართველ არქიტექტორს ლადო ხმალაძეს ეკუთვნის.
 
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი არსებობის 85 წელს ითვლის. 1926 წელს დაარსებული თეატრი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს - არის ედინბურგისა და იერუსალიმის ფესტივალების მონაწილე, მიწვეული იყო მიუნხენში. 2010 წელს ხორვატიის საერთაშორისო ფესტივალზე უილიამ შექსპირის "მაკბეტით" წარდგა და ცხრა ნომინაციაში დაჯილდოვდა. ორ წელიწადში თეატრი ახლადგაშენებული რიყის პარკის მიმდებარედ აგებულ შენობაში დაიდებს ბინას და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივთათვის, ისე დედაქალაქის სტუმრებისთვის. მუსიკისა და დრამის თეატრის შენობის პროექტი იტალიელ არქიტექტორს მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის.
 
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე მდებარეობს, 1878 წელს დაარსდა. თეატრი უნიკალურია როგორც არქიტექტურული, ისე ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით. ფასადისა და ინტერიერის გაფორმებაში როკოკოს სტილის მრავალი ელემენტია გამოყენებული. მის სცენაზე დადგმული სპექტაკლები მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი. რუსთველის თეატრმა მონაწილეობა მიიღო ედინბურგის, ავინიონის, სერვანტინოს, ათენის, ბერლინის, მილანის, იერუსალიმის, ადელაიდას, სტამბულის, ჩეხოვის, რეიკიავიკის, ბრატისლავას, შექსპირის XI და სხვა სართაშორისო ფესტივალებში.
 
ქართული კულტურის ასევე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ეროვნული ცეკვა. თითოეულ კუთხეს მისთვის დამახასიათებელი ცეკვა აქვს, რომელშიც კარგად ჩანს ამა თუ იმ კუთხის ტრადიციები, თავისებურებები და ადგილობრივთა ხასიათი. ქართული ხალხური ცეკვა ერთგვარ შოუს წარმოადგენს მაღლა ატყორცნილი ხმლებით, ჰაერში "მფრინავი" ვაჟკაცებით, "კეკლუცი" გოგონებით, არაჩვეულებრივი კოსტიუმებითა და უნიკალური რიტმით - ამის ნახვა მაყურებელს არასდროს ბეზრდება. ქართული ცეკვის ანსამბლებს საქვეყნოდ აქვთ განთქმული სახელი. მაგალითად, ქართული ნაციონალური ბალეტი - ანსამბლი "სუხიშვილები" უკვე არსებობის ას წელს ითვლის. ასევე, მთელ მსოფლიოშია ცნობილი ანსამბლები "ერისიონი", "რუსთავი", "ნაბადი" და მრავალი სხვა.
 
ქართულ ხალხურ ცეკვებს განსაკუთრებული კოსტიუმები აქვს, რომელიც, თავის მხრივ, უძველეს ეროვნულ სამოსს წარმოადგენს. მისი განუყოფელი ნაწილი იყო თავსაბურავიც. ტრადიციული ქართული სამოსი საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ელემენტებით გამოირჩეოდა. ყოველი ნიმუში განსხვავებულია და განსაკუთრებული ტექნიკით იკერება. თითოეულ მათგანში გათვალისწინებულია ამა თუ იმ რეგიონის ეთნოგრაფიული ყოფა, გეოგრაფიული მდებარეობა და, შესაბამისად, კლიმატური პირობებიც. არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად, ქართველები უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს, დასამაგრებლად და მოსართავად კი - ღილებს, ხრიკებს, ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და სხვა.