საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წარმოთქმული სიტყვა ინაუგურაციის ცერემონიაზე

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წარმოთქმული სიტყვა ინაუგურაციის ცერემონიაზე
 
მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ. მივესალმები უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს; მივესალმები ძვირფასს სტუმრებს; მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - აფხაზებს, ოსებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს.
 
დღეს, თქვენ წინაშე ვდგავარ აღჭურვილი უდიდესი პასუხისმგებლობით, დარწმუნებული საკუთარ ძალებში, თანამებრძოლებსა და, რაც მთავარია, ჩვენს ხალხში.
 
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოაზრეებს, მათ, ვის თანადგომასაც განუწყვეტლივ ვგრძნობდი წინასაარჩევნო პერიოდში. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს და კოალიციის თითოეულ წევრს. მადლობას ვუხდი მთელ საზოგადოებას, ყველას, ვინც პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, გულწრფელად ცდილობს ემსახუროს სამშობლოს.
 
დღეს, ხალხის ნებამ გაიმარჯვა. ეს გამარჯვება გამოიხატება დემოკრატიის პროცესის კონსოლიდაციაში.
 
საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების პრეცედენტის შექმნით, ჩვენ შევძელით სახელმწიფოებრივი განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლა.
 
დასრულდა პოსტსაბჭოთა პერიოდი და დაიწყო თანამედროვე ტიპის დემოკრატიის მშენებლობა, რითაც ახალი ევროპული ტიპის პოლიტიკურ კულტურას დავუდეთ სათავე.
 
ქართველი, თავისი ინდივიდუალური შეგნებით, ევროპელია; თავისი ბუნებით - კი დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი.
 
მაგრამ ჩვენ, აქამდე ვერ ვახერხებდით, ჩვენი ევროპელობა სახელმწიფოებრივ ინსტიტუციურ განზომილებაში გადაგვეტანა.
 
შარშანდელი პირველი ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ შევძელით ჭეშმარიტად პოლიტიკური პროცესებისთვის დავუდეთ სათავე.
 
ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა გაგვაერთიანა და ერთიანობით, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეუძლებელი ჩანდა - მშვიდობიანად, არჩევნებით ჩავუყარეთ საფუძველი ჩვენი ქვეყნის წარმატებულ პოლიტიკურ მომავალს.
 
ამის შემდეგ, ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ სტაბილურობა ქვეყანაში, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სოციალური პროექტები, არამედ მოვახერხეთ მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით არჩევნების ჩატარება.
 
ამ არჩევნებში ჩვენმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
 
ბუნებრივია, ნებისმიერ საპრეზიდენტო არჩევნებში არის მხოლოდ ერთი გამარჯვებული, მაგრამ ყველას გასაგონად მინდა ვთქვა:
 
როგორც პორეზიდენტი, მე ვემსახურები თითოეულ თქვენთაგანს. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ერთნაირად ვიქნები უფლებათა დაცვის გარანტი.
 
რა პოზიციებიც არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს არჩევნების დროს, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი - მშვიდობიანი, გაერთიანებული, დემოკრატიული, განვითარებული და ლაღი საქართველო.
 
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი ხელისუფლება განუხრელად იზრუნებს დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრებისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის.
 
განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ეკონომიკურ წინსვლაზე. ხელისუფლების უმთავრეს მიზნად ჩვენ ვისახავთ თითოეული ადამიანის კეთილდღეობას და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.
 
საქართველოს დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური აღმავლობა, ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედია. ეს გაგვიმარტივებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და განაპირობებს ქვეყნის სანდო საერთაშორისო პარტნიორად ჩამოყალიბებას.
 
აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ჩვენ ვთვაზობთ ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო, ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება.
 
ჩვენი პრიორიტეტია, დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო , უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება მათ საკუთარ სახლებში, მანამდე კი მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა.
 
მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, ვიღებ ამ პოლიტიკის განხორციელების პასუხისმგებლობას.
 
როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ვაცხადებ, რომ ვიზრუნებ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ჩვენ მუდამ მზად ვიქნებით, გარე საფრთხეების მოსაგერიებლად.
 
ამავდროულად, ნებისმიერი საერთაშორისო თუ შიდა პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტა ქვეყნის უცვლელი კურსია.
 
როგორც სახელმწიფოს მეთაური, აქტიურად ვიმუშავებ საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად, ხელს შევუწყობ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სანდო პარტნიორად დამკვიდრებას.
 
ასევე ვიქნები დემოკრატიის პროცესის გაღრმავების ხელშემწყობი და საზოგადოების ყველა ფენის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი.
 
ჩემი საგანგებო ზრუნვის საგანი იქნება იმ მოქალაქეთა ინტერესები, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება.
 
როგორც პრეზიდენტი, ვიქნები საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთნ საკონსტიტუციო შეთანხმების დაცვის გარანტი. ამავდროულად, განუხრელად დავიცავ საქართელოში მცხოვრები ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთა კონსტიტუციურ უფლებებს.
 
სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩვენ მარტო არ ვართ. დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობდით მეგობარი ქვეყნების თანადგომას. ოკუპირებულ ტერიტორიათა არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკა საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები, ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ პროექტებში მონაწილეობა სწორედ ამ ურთიერთობებს ეფუძნება.
 
საქართველოს მოქალაქეთა სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მეგობარი ქვეყნების ხალხებს და მთავრობებს ამ თანადგომისთვის.
 
ჩვენი საერთაშორისო კავშირები განმტკიცდება და უფრო ქმედით სახეს მიიღებს.
 
ევროკავშირთან დაახლოებას და ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის გარრმავებას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს საგარეო პოლიტიკაში.
 
ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ მიმართულებით, სერიოზულ პროგრესს მიაღწია. უახლოეს პერიოდში ვილნიუსის სამიტზე მოხდება ასოცირების ხელშეკრულოების პარაფირება. ჩვენი პრიორიტეტია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. ეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის შეუქცევადობის ინსტიტუციური დადასტურება იქნება.
 
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სტაბილური განვითარების გრძელვადიან გარანტიას თვისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.
 
ეს, საბოლოოდ, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა.
 
საქართველო კვლავაც აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
 
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით, რომელთაც საკუთარი პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობით.
 
მე, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი დავიწყებას არასდროს მიეცემა.
 
ჩვენი პრიორიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის სრულფასოვანი და ყოველმხრივი განვითარება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ასევე თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებში.
 
ჩვენ მნიშვნელოვან ძალისხმევას მივმართავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თვისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების ინიცირებისათვის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი სტრატეგიული კავშირების განმტკიცებას.
 
საქართველოს აქვს ისტორიული მისია იქცეს ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის ადგილად.
 
ამიტომ, ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ შავი და კასპიის ზღვების რეგიონების, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებას, მათთან ტრანსნაციონალური პროექტების ხელშეწყობასა და რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას.
 
დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით საქართველომ უკვე შეიძინა კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავება მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან.
 
მიუხედავად დღეისთვის არსებული გართულებული ვითარებისა, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას, გავაღრმავოთ რუსეთთან დიალოგი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ინტერესების - საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით და ურთიერთნდობის საფუძველზე გადავჭრათ დღეს არსებული პრობლემები.
 
ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო.
 
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება ასევე ურთიერთობების გაღრმავება ახლო აღმოსავლეთის, არაბული სამყაროს, აფრიკის, ლათინური ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის რეგიონებთან და, ამ კონტექსტში, გლობალური პარტნიორობის განვითარება.
 
მეგობრებო, ურთულესი წლების შემდეგ, რაც ყველამ ერთად გამოვიარეთ, დადგა დრო, როცა უნდა დავიბრუნოთ ჩვენი იდენტობა. დიდი ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჩვენ უნდა ვშვათ ჩვენი მყოობადი“. დღეს ეს სიტყვები გვესმის მოწოდებად თითოეული ჩვენგანისადმი.
 
ჩვენ გვაქვს უმთავრესი კაპიტალი, რომელსაც ახალი საქართველოს შენება დაეფუძნება - ჩვენი ხალხის ნიჭიერება და სამშობლოს სიყვარული.
 
მე მჯერა, რომ ყველაზე უარესი წლები, უკან მოვიტოვეთ; რომ ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანა ეკუთვნის არა მხოლოდ წარსულს, არამედ მომავალსაც. ეს ხედვა რეალურად ერთ დღეში ვერ იქცევა, მაგრამ მე ვხედავ საქართველოს, რომელიც მისი შვილებისათვის არა გადარჩენისთვის ბრძოლის, არამედ ღირსეული ყოფის, სიცოცხლით ტკბობის, ნიჭიერების გაფურჩქვნისა და თვითრეალიზაციის სივრცეა.
 
მე ვხედავ ქვეყანას, რომელსაც მსოფლიო იცნობს არა პოლიტიკური კრიზისებით თუ ჰუმანიტარული პრობლემებით, არამედ მისი განსაცვიფრებელი სილამაზით, ცხოვრების სილაღით და, რაც მთავარია, მშრომელი, შემოქმედი, კეთილშობილი, სტუმართმოყვარე ხალხით.
 
მე ვხედავ ენერგიას, რომელმაც რუსთაველს „ვეფხისტყაოსანი“ შეაქმნევინა, რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილს, თავგანწირვის ფასად, წინაპართა საუნჯის დაცვის ძალა მისცა; ენერგიას, რომელმაც ფიროსმანს „შავი ლომი“ დაახატინა და ექიმ იოსებ ჟორდანიას სიცოცხლე დაათმობინა პატარა გოგონას გადასარჩენად; ენერგიას, რომელმაც საოცარი ხელოვნებით გამოჭედა ხახულის კარედი და მტრის წინაშე ქედი არ მოახრევინა გიორგი ანწუხელიძეს.
 
მე ვხედავ იმ აღტაცების გამეორებას, რომელიც მოჰგვარა მსოფლიოს მცხეთის ჯვრის სიდიადემ, ქართული ანბანის უნიკალურობამ, ვაჟას პოეზიის სიღრმემ, „ჩაკრულოსა“ და „კრიმანჭულის“ საოცარმა ჰარმონიამ, ქართული მეცნიერული აზრის მასშტაბურობამ და აღფრთოვანების ღირსმა სპორტულმა სასწაულებმა.
 
ასეთ საქართველოზე ვოცნებობდი მთელი ჩემი ცხოვრება. ასეთ საქართველოს აშენებდნენ ამ ქვეყნის შვილები.
 
უდიდესი პატივი და ტვირთია იყო საქართველოს პრეზიდენტი და დღეს მე ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, ღირსეულად ვზიდო პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი დიდებული ქვეყნისა და ხალხის მსახურება მაკისრებს.