​„კონსტიტუცია ყველასია“ - გიორგი მარგველაშვილი ეთნიკურ უმცირესობებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში მორიგი შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გამართა.
საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ დისკუსიაში სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებსაც პრეზიდენტის პოზიცია აინტერესებდათ ქართული ენის სწავლების, უფასო განათლების, დასაქმების და საკონსტიტუციო დიალოგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ჩართვისა და მოსმენების კანონის შესახებ.
შეხვედრის მოდერაციას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მურად მურადოვი ახორციელებდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის განვითარების პროცესში ეროვნული უმცირესობების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველთვის ქმნიდნენ, ქმნიან და აძლიერებენ სხვადასხვა ეთნოსის ადამიანები. საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ფუნდამენტური დოკუმენტია, მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი არ არის, ის მოქალაქეთა თანხმობის დოკუმენტია, ამიტომ საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი გადამწყვეტია.
ახალგაზრდები დაინტერესდნენ როგორ უნდა უზრუნველვყოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობა საკონსტიტუციო რეფორმის დიალოგის პროცესში.
„თვითონ ის ფაქტი, რომ თქვენ ეს კითხვა დასვით, უკვე წინაპირობაა იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ეს ემოცია, ჩვენს საზოგადოებაში არსებობს თანხმობისკენ ნაბიჯები. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა მოახერხოს და მათი აზრი წარმოადგინოს, ყველანაირად უნდა გავიგოთ მათი ხმა და ამ დიალოგში მათი ხმა იქნება გადამწყვეტი”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსზე და ხელისუფლების გადანაწილების პრინციპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე სახელმწიფოს აგების პრინციპი - შტოებს შორის დაბალანსებისა და კონტროლის მექანიზმი უფრო დაცულს ხდის საზოგადოებას და უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. თუ ჩვენ, მაგალითად, დავკარგავთ და შევასუსტებთ ინსტიტუტებს, ჩვენ წავალთ იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიისკენ ზურგის შექცევა და არაეფექტური მმართველობის წინაპირობა იქნება.
„როდესაც სხვადასხვა შტოები ერთმანეთს აკონტროლებენ და ეხმარებიან, ეს დაპირისპირება კი არ არის, ეს არის დემოკრატია.
ყველანი რომ ერთ აზრზე ვიყოთ, არ გვყავდეს პრეზიდენტი, რომელმაც შეიძლება განსხვავებულად იფიქროს, არ გვყავდეს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელმაც შეიძლება რაღაცაში გაგვაკრიტიკოს, არ გვყავდეს თავისუფალი მედია, რომელიც აჩვენებს შეცდომებს, არ გვყავდეს არავინ, რომელიც განსხვავებულად რამე აზრს გამოხატავს, ჩვენ დავკარგავთ მთავარს, რაც გვაქვს, ჩვენ დავკარგავთ ჩვენი საზოგადოების თავისუფლებას. შესაბამისად, თითოეულ ამ თემას აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ინსტიტუტები” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონზე ორჯერ გამოყენებული ვეტოთი ცდილობდა ღვაწლმოსილი პოლიტიკოსებისათვის გამეგებინებინა რას ნიშნავს ქვეყნის ეფექტური უსაფრთხოება.
„პირველ რიგში ეფექტური უსაფრთხოების სისტემა გულისხმობს იმას, რომ ხალხი ენდობა სპეცსამსახურებს. სპეცსამსახურების მიმართ ნდობა უნდა ამაღლდეს და ეს უნდა გავაკეთოთ პოლიტიკოსებმა და კანონმდებლებმა, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, როდესაც არავის არ ეგონება, რომ მას უსმენენ. ეს არის სახლემწიფოს უსაფრთხოების ფუნდამენტი”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
„კონსტიტუცია ყველასია“ - ამ სახელწოდებით საპრეზიდენტო კამპანია გიორგი მარგველაშვილმა 13 მარტს თელავიდან დაიწყო, რომლის მიზანი კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობის გაზრდა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აღნიშნული კამპანიით მთელ საქართველოს შემოივლის.