"საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩევლებმა დიპლომატების ინფორმირება მოახდინეს
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა თენგიზ ფხალაძემ, ფიქრია ჩიხრაძემ და ანა ნაცვლიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ფონდებს ადმინისტრაციაში დასაქმებული საჯარო მოხელეების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე ინფორაცია მიაწოდეს და გააპროტესტეს.შეხვედრისას საუბარი შეეხო პარლამენტში მომზადებული "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტის კანონად ქცევის საფრთხეებსა და რისკებს, ასევე მის გავლენას დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობაზე, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ამ რეფორმას. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ როგორ განხორციელდება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმა და მათი პოზიციაა, რომ საჯარო მოხელის ინტერესები იყოს დაცული, როგორც ამას მოითხოვს უმაღლესი ევროპული სტანდარტები.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, საჯარო სამსახურის რეფორმა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით ევროკავშირთან, რომ ბუნებრივია, უაღრესად დიდია ინტერესი ნებისმიერი იმ ცვლილების მიმართ, რომელიც შეიძლება განხორციელდეს.
"დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა პრინციპით მუშაობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რას წარმოადგენს უშუალოდ პრეზიდენტის გუნდი და რას წარმოადგენენ საჯარო მოხელეები ამ შენობაში. პრეზიდენტის გუნდი ამ ოფისს ტოვებს პრეზიდენტთან ერთად, კანონმდებლობის შესაბამისად ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს. საუბარია საჯარო მოხელეებზე, რომელებიც ამ შენობაში მუშაობენ, მათ შორის საქართველოს პირველი პრეზიდენტის დროიდან დაწყებული და რომლებიც არიან აბსოლუტურად აპოლიტიკურები, მათ აქვთ თავიანთი საკლასო ჩინები და ეს ხალხი არის თავის საქმის პროფესიონალი და ბუნებრივია ის თუ როგორ განვითარდება და როგორ განხორციელდება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმა ჩვენი პარტნიორების ძალიან დიდი ინტერესს იწვევს.
შესაბამისად საქართველოს აქვს თავისი ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის მიმართულებით, ეს რეფორმა და საჯარო მოხელის დაცვა ერთერთი ნაწილია ამისა და ბუნებრივია, რომ ინტერესი არის დიდი, ინტერესი არის მაღალი. ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევის შემთხვევაში, რომ იქნება ძალიან ბევრი კითხვები, მათ შორის ამ ადამიანების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით, ამ ადამიანების მომავალთან დაკავშირებით და გვაქვს იმედი, რომ მანამ სანამ ეს ინიციატივა იქცევა კანონად, შესწავლილი და გაზომილი იქნება ყველა ის რისკები, რომელიც მან შეიძლება მოუტანოს სახელმწიფოს. აქ საუბარია არამხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, აქ არის პრეცედენტზე, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საჯარო სამსახურის რეფორმა“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.