​„ვისწავლოთ ქართული“ - საპრეზიდენტო პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი თბილისის საკრებულოში საპრეზიდენტო პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
პროგრამა „ვისწავლოთ ქართული“ 2015 წელს დაიწყო და იგი ეროვნული უმცირესობებისათვის კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის და კონსტიტუციის საფუძვლების დაჩქარებული მეთოდით შესწავლას ითვალისწინებს.
სოფიო შამანიდის განცხადებით, 2017 წლიდან თბილისის საკრებულოს ეთნიკური უმცირესობების საბჭოსთან არსებული „მეგობრობის სახლის“ თხოვნით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ქართული ენის კურსი გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას თბილისში მცხოვრები რუსული, უკრაინული, პოლონური და ლიტვური დიასპორის წარმომადგენლები იღებდნენ. დღეისათვის მსმენელთა რიცხვი 200 - მდე აღწევს და უმეტესობამ წარმატებით გადალახა ტესტური დავალების ზედა ზღვარი.
პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის საშუალებით, რომელშიც ჩართულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა უსასყიდლოდ შეისწავლოს ქართული ენა.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ საქართველოს რამდენიმე რეგიონში განხორციელდა მათ შორის, ქვემო ქართლში, კახეთში და სამხე- ჯავახეთში. სახელმწიფო ენის სწავლებას რეგიონებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები უძღვებოდნენ.