„ყველა ცდილობს გაექცეს რუსეთს“ - საქართველოს მიმავალი პრეზიდენტი მოსკოვთან ურთიერთობების შესახებ
კვირას თბილისის ცენტრში აქციას მართავს ქართული ოპოზიცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის შედეგების მიხედვით გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს.
მისი ოპონენტი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენს, მას ხმათა თითქმის 20 პროცენტით ჩამორჩება. გასულ არჩევნებს მან კრიმინალური ფარსი უწოდა და განაცხადა, რომ განზრახული აქვს, მოითხოვოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. საქართველოს მიმავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესაუბრა "ბიბისის“ რუსული სამსახურის კორესპონდენტს ოლგა ივშინას იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს არჩევნებს, როგორ აგვარებს საქართველო დიპლომატიურ პრობლემებს და შესაძლებელია თუ არა მეგობრული ურთიერთობების დამყარება მოსკოვთან.
არჩევნებისა და პროტესტების შესახებ
არჩევნებზე არც თუ საუკეთესო ვითარება გახლდათ, იმ თვალსაზრისით, რომ იყო ბევრი დარღვევა. ამის გამო ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რაც ბუნებრივია. ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი და მალე მისი ინაუგურაცია ჩატარდება, მაგრამ ხალხის პოზიცია ამ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მიტინგში ჰპოვებს გამოხატულებას.
მიტინგი - ეს დემოკრატიული პროცესია და ჩემი მოწოდებაა, რომ ის არ გასცდეს სამართლებრივი პროცესის ფარგლებს. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, თუმცა ვითარების სერიოზულ გამწვავებას არ ველი.
სახელმწიფოს როლი იმაში მდგომარეობს, რომ თავიდან აიცილოს ნებისმიერი კონფლიქტი, მომიტინგე მხარეებს შორის ნებისმიერი კონტაქტი, და ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ მსგავსი რამ არ მოხდება.
„სახელმწიფო თავისუფლების პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული“ - თავისი პრეზიდენტობის შესახებ
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული პროცესის გაღრმავება საქართველოში, რათა პლურალიზმი განვითარებულიყო.
ეს მარტივი პროცესი არ იყო, დაძაბული სიტუაცია მქონდა როგორც მმართველ პარტიასთან, ისე ოპოზიციასთან, მაგრამ ძალისხმევა მიმართული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნებაზე, დემოკრატიის გაღრმავებასა და საერთო ეროვნული განწყობის შენარჩუნებაზე იმ მთავარ მომენტებთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის.
კონკრეტული მაგალითი გახლავთ პირადი თავისუფლებები, სახელმწიფო უნდა ვითარდებოდეს და ეფუძნებოდეს თავისუფლების პრინციპებს. მეორე მომენტი არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი პატივისცემა. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, ოკუპაციის მიუღებლობა - ამ საკითხებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდესაც არჩეული პრეზიდენტი ხარ - შენ [ხომ] ხალხის სახელით შეგიძლია ილაპარაკო.
„ჩვენ აქ ვართ და ძალა გვერჩის“ - რუსეთის შესახებ
არსებობს სერიოზული პრობლემა დიპლომატიურ ფრონტზე: მსოფლიოს რუკა, რომელიც მოსკოვში იბეჭდება, სრულიად განსხვავდება იმ რუკებისგან, რომლებიც იბეჭდება თბილისში, ვაშინგტონში თუ ბრიუსელში. ჩვენ სხვადასხვა ფერებში გვესახება რეგიონის გეოპოლიტიკა.
საქართველო ამ ასპექტში იმარჯვებს, ვინაიდან რუსეთს პრაქტიკულად არ ჰყავს მოკავშირეები ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხში. მაგრამ დიპლომატიურ ფრონტზე რუსული დიპლომატია ძალიან მონდომებულია და რიგ შემთხვევებში გამარჯვებებსაც აღწევს.
ჩვენ აქ სტაბილური ვითარება გვაქვს, ჩვენ სტაბილური ვითარება გვაქვს გაეროში, რადგან იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოსთან დაკავშირებულ დეკლარაციას, იზრდება.
ის, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, ის, რომ საქართველო არ ფიგურირებს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაში - ეს ყველაფერი რუსეთის პროპაგანდაა, და ეს პროპაგანდა ემყარება პრინციპს „ჩვენ აქ ვართ და ძალა გვერჩის“.
მაგრამ ქართული საზოგადოების და პოლიტიკური ლიდერების როლიც იმაში მდგომარეობს, რომ პასუხად მივუგოთ - ძალა თქვენს მხარესაა, მაგრამ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ეს სიმართლე ჩვენ საუკუნეებია გვიტარებია, დღემდე მოგვიტანია და კვლავაც გავიტანთ.
„რუსეთი მეგობარი ქვეყნის ოკუპირებას ახდენს“ - მოსკოვთან დიალოგის შესახებ
ხედვა იყო შემდეგნაირი: ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ რუსეთთან საუბარი და დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან. და ეს რეალური იყო 2013-2014 წლებში.
მაგრამ უეცრად რუსეთი ქმნის უკრაინის პრობლემას და პარალელურად ვითარდება პროცესები აქ - რუსეთი დიალოგში შედის ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ხელს აწერს სტრატეგიულ შეთანხმებებს, რაც ყოველგვარ მოლოდინს ეწინააღმდეგება.
ჩვენ [ხომ მაშინ] შეგვეძლო საუბარი დაგვეწყო არა რთული პოლიტიკური პრობლემების, არამედ იმ საკითხების შესახებ, რომლებშიც შეხების წერტილები გვაქვს - ვაჭრობა იქნება ეს, კულტურა, თუ ხალხთა შორის დამოკიდებულება. და საერთოდ გვესაუბრა იმ პოზიციიდან, თუ რა იყო ხელსაყრელი რუსეთისათვის, არა როგორც იმპერიისათვის, არამედ ქვეყნისათვის, რომელსაც გააჩნია დიადი კულტურა და შესანიშნავი ხალხი.
მაგრამ [საუბარი] ამგვარ ფორმატში არ გამოდის, ვინაიდან, როცა რუსეთის პოზიციას ვისმენთ, ჩვენ ვისმენთ იმპერიალისტურ პოზიციას. ჩვენ ვერ ვისმენთ იმ პოლიტიკოსთა პოზიციას, რომლებისთვისაც ამოსავალი წერტილი კონკრეტული ადამიანების, რუსეთის მოქალაქეების სასიცოცხლო საჭიროებებია. ის, თუ როგორ მოექცა რუსეთი საქართველოს, ამოვარდნილია ომის წარმოების ნებისმიერი ლოგიკიდან.
შეხედეთ, რუსეთი ახდენს მეგობარი ქვეყნის, ქვეყნის ნაწილის, ოკუპაციას, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე - ამას არავითარი სიკეთე არ მოაქვს რუსეთის არცერთი მოქალაქისთვის, თუნდაც ეკონომიკურ ასპექტში: აქ არ არის არც ნავთობი და არც ალმასები. . . განა რუსეთს ტერიტორიები აკლია? ეს ხომ მსოფლიოს უდიდესი ქვეყანაა. არავითარი ლოგიკა. რუსეთი ყოველთვის იმპერიალისტური პოზიციიდან ლაპარაკობს, იმპერიალიზმი კი, ეს არის აგრესიაც და ოკუპაციაც.
„არავის სურს რუსეთთან ყოფნა“ - უკრაინული კრიზისის შესახებ
ეს არის გაგრძელება იმისა, რაც აქ ხდებოდა 90-იან წლებში. უბრალოდ „დერჟავა“ სჯის თავის მეზობლებს. ეს იყო 90-იანებშიც, 2008 წელსაც, ეს მოხდა 2014 წელს უკრაინაშიც, იგივე ხდება ახლაც.
აგრესიის სხვადასხვა ფორმებია. ახლა ეს არის აგრესია შავ ზღვაზე, მანამდე ეს იყო აგრესია ყირიმში, უკრაინაში და ამ აგრესიის აზრს, ისევ და ისევ, ვერანაირი ლოგიკით ვერ ავხსნით, გარდა „დერჟავის“ პოლიტიკისა.
წარმოიდგინეთ, რუსეთი არის ქვეყანა, რომლის კულტურაც ჩვენ გვიყვარს, იმ ხალხის [ქვეყანა], რომლებთანაც ურთიერთობა გვაქვს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში - აი ეს ქვეყანა მივიდა იმ მომენტამდე, როდესაც ფაქტობრივად არავის არ სურს რუსეთთან ყოფნა.
ყველა ცდილობს გაექცეს რუსეთს. ის ადამიანები და ის ხალხებიც კი, რომლებისთვისაც რუსული ენა ახლაც არის "ლინგვა ფრანკა“, ისინიც გაურბიან ქვეყანას, რომლის კულტურასაც პატივს სცემენ.
მაგრამ რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ ერთად? ჩვენ ძალზე პრინციპულნი უნდა ვიყოთ და პასუხი გავცეთ ყველა აგრესიულ ქმედებას რუსეთის მხრიდან. და ეს ეხება არა მხოლოდ ქართველებს, უკრაინელებს და მოლდოველებს, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომელთა ტერიტორიებზეც დღეს შესაძლოა არ ხდება კონფლიქტები. არ იყო ადეკვატური რეაქცია 2008 წელს და მივიღეთ უკრაინა. ჩვენ მივიღებთ სხვა ცხელ წერტილებსაც, თუ კი არ ვიქნებით პრინციპულები.
თუ შენ არ რეაგირებ აგრესიაზე, შენ ამით აგრესიას წარმოშობ. შენ ამით ეთანხმები იმ ფაქტს, რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყოველთვის ძალზე კონსოლიდირებულნი უნდა ვიყოთ, რადგან თუ ამას დღეს არ შევაჩერებთ, ხვალ ეს ჩვენი საერთო პრობლემის ნაწილად იქცევა.
„ხასიათებით ვერ შევეწყვეთ“ - საქართველოს ხელისუფლების შესახებ
ჩემი ურთიერთობა ყოფილ პრემიერთან (ბიძინა ივანიშვილთან - პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერთან, რომელსაც კრიტიკოსები ქვეყნის ერთპიროვნულ მართვაში ადანაშაულებენ - "ბიბისი“) ჩემი პრეზიდენტობის პირველი დღეებიდან შეწყდა. ჩვენ, შეიძლება ითქვას, ხასიათებით ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს.
ასე რომ, ეს დასაწყისშივე შეწყდა და ურთიერთობათა მოწესრიგების მცდელობები აღარ გვქონია. ამის შედეგი იყო ის, რომ მმართველმა პარტიამ, რომელმაც მე წარმადგინა, და რომელთან ერთადაც ვიყრიდი კენჭს, დაიწყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება, ჩემი პოლიტიკური პოზიციის უგულვებელყოფა.
ბოლოს კი საერთოდ წამოვიდა ტოტალურად აგრესიული რიტორიკა ჩემი, როგორც მოქმედი პრეზიდენტის მისამართით. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება წამგებიანი იყო ქვეყნისთვისაც და ამ პარტიისთვისაც.
მე ვხედავ: ფაქტობრივად ყოფილი პრემიერმინისტრი, ახლა უკვე პარტიის ლიდერი, ღებულობს გადაწყვეტილებებს. თუმცა დეტალებს არ ვუღრმავდები. მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა მე ურთიერთობა მქონდა პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან თუ მინისტრებთან, მე ვესაუბრებოდი მათ, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკოსებს.
მე ასე მწამდა: თუ შენ პრემიერმინისტრს გიწოდებენ, მე გესაუბრები, როგორც პრემიერმინისტრს, და არ მაინტერესებს ჭორები იმის შესახებ, თუ ვის წარმოადგენ შენი აზრით.
„რთულია იყო ცერემონიული ფიგურა“ - მეორე ვადით კენჭისყრაზე უარის თქმის გადაწყვეტილების შესახებ
ამ აბსურდული პირადული ვენდეტის გამო მიღებული იქნა გადაწყვეტილება კიდევ უფრო შეეკვეცათ პრეზიდენტის უფლებები. ანუ ფაქტობრივად ექციათ იგი ცერემონიულ პოლიტიკურ ფიგურად. ჩემთვის კი ძალზე რთულია ვიყო ცერემონიული პოლიტიკური ფიგურა.
რთულია იყო არჩევითი პირველი პირი, ხედავდე იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობს სახელმწიფოში მრავალი მიმართულებით, და ასრულებდე მხოლოდ ცერემონიულ როლს. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ეს ძალზე რთული იყო როგორც პიროვნული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასე რომ მე არ ვიყარე კენჭი იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლებიც მათ შეიტანეს კონსტიტუციაში.
საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ