​ანა ნაცვლიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი წინასაარჩევნო პროცესებს აფასებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების  მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ეს არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და მომავალშიც მიექცევა იმას, თუ როგორ ჩაატარებს საქართველო ამ საპრეზიდენტო არჩევნებს. მათ შორის ჩვენი სტრატეგიული არჩევანის, დასავლური კურსის,  კონტექსტში იმიტომ, რომ ესეც უნდა გახდეს დასტური იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ და ვრჩებით დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების ერთგული. 
ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა შესაძლო ზეწოლების შესახებ, დაპირებებზე საბანკო ვალდებულებების განულებასთან დაკავშირებით, ასევე დღეს გავრცელებული ინფორმაცია შესაძლო ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ, რომლებიც იწვევს ნამდვილად შეშფოთებას და აჩენს ბევრ კითხვას. არჩევნები არის ისეთი პროცესი , როგორც კი ჩნდება კითხვა სასიცოცხლოდ მიშვნელოვანია , რომ ამას მოჰყვეს მყისიერი რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რადგან ყოველი დაყოვნებული დღე და საათი ამ კითხვებს აძლიერებს, რაც დაუშვებელია. ამიტომ ჩვენ ველოდებით უსწრაფეს რეაგირებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომ ყველა ამ კითხვასთან დაკავშირებით იყოს გადადგმული ნაბიჯები და გაეცეს დამაჯერებელი პასუხები",- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
ანა ნაცვლიშვილმა წინასაარჩევნო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი შრომა ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნებისთვის.
„სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მათ მიერ გაწეული შრომა, არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული არჩევნებისთვის. მათი როლი არის ფუნდამენტური და ის, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო და მათ მიერ მოპოვებულ და გაჟღერებულ ინფორმაციებზე ხდებოდეს რეაგირება ესეც უმნიშვნელოვანესია,“ - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.