ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს პარლამენტს არ მიიღოს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები აღარ იქნებიან საჯარო მოხელეები
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების იმ პროექტს აპროტესტებს, რომელიც პარლამენტარებმა გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა შეიმუშავეს და რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურში მიღების ახალ წესს არეგულირებს.როგორც კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები რეალურად წარმოადგენენ რა საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშემწყობ პირებს და უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულები. აღნიშნულ კანონში ცვლილებები დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უნდა განხილულიყო, პარლამენტში მისულ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და მის მოადგილეს კომიტეტის ჩანიშნული სხდომა გადადებული დახვდათ და ანა ნაცვლიშვილმა და ზურაბ მაჭარაძემ კომიტეტის თავმჯდომარესთან და კანონპროექტის ავტორებთან გამართეს შეხვედრა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილება, რომლის თანახმადაც კონკრეტულად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ადამიანები აღარ იქნებიან საჯარო მოხელეები და შესაბამისად, მათზე, როგორც საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე არანაირი დაცვის გარანტიები აღარ გავრცელდება.
"ეს ცვლილება მიმართულია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ ადამიანებზე, ამ ცვლილებას არ ახლავს არანაირი სათანადო დასაბუთება, არ არის გააზრებული, მათ შორის არ არის დანახული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა დაცვისკენაც უნდა იყოს მიმართული საკანონმდებლო პოლიტიკა და არა პირიქით. როდესაც საქართველომ განახორციელა საჯარო სამსახურის რეფორმა, მივიღეთ მაღალი სტანდარტის კანონმდებლობა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროკავშირი და სხვა პარტნიორები საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შეიქმნას საჯარო მოხელეების რგოლი, რომელიც იქნება კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული რგოლი და არ მოხდება ამ ადამიანების ცვლილება პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია თავის მხრივ, იმიტომ რომ არ შეიძლება საჯარო მოხელეები, პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანები იყვნენ მიბმული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებას.
კანონპროექტის ეს ვერსია ამ რეფორმის სულისკვეთებას მთლიანად ეწინააღმდეგება, ამიტომ ჩვენ ჩვენივე მოსაზრებები, ჩვენივე ინიციატივით მივაწოდეთ შესაბამის კანონპროექტის ავტორს და ასევე კომიტეტის თავმჯდომარეს და ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ კანონპროექტს ახლავს ძალიან ნათლად და დეტალურად განვუმარტეთ.
თავის მხრივ, მე მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილების და კანონპროექტის მომზადების დროს ძალიან ბევრ აქტორთან არის საჭირო კონსულტაცია ინფორმაციის სრულყოფილი მოძიება იმისთვის, რომ ჯერ დავინახოთ არსებული სურათი და მერე დავგეგმოთ ცვლილებები და ამ შემთხვევაში შეხვედრამაც დამანახა, რომ არ ყოფილა ბოლომდე მოძიებული ინფორმაცია, არ არის მოკითხული ყველა სათანადო უწყების აზრი და ისე მომზადდა ეს ცვლილება. თუმცა ამ შეხვედრის შედეგად და იმ ფაქტიდან გამომდინარეც, რომ დღეს გადაიდო კომიტეტის სხდომა მაქვს გარკვეული იმედი, რომ ნაჩქარევად, ნაუცბადევად არ მოხდება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და საბოლოო ჯამში პარლამენტარები იმოქმედებენ კანონმდებლობის სულისკვეთების პატივისცემით და არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ძალიან საზიანო არამხოლოდ იმ ათეულობით კომპეტენტური ადამიანისთვის, რომელიც ათი და 15 -17 წელია მუშაობს საჯარო სამსახურში და ძალიან კომპეტენტური და კეთილსინდისიერი ხალხია, არამედ ზოგადად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს არ გაუგზავნის ამ ტიპის მესიჯს”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.