​ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს ყველა მხარეს სწორად და ადეკვატურად გაიაზრონ და პატივი სცენ არასამთავრობო ორგანიზაციებს როლს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ყველა მხარეს მოუწოდებს სწორად და ადეკვატურად გაიაზრონ და პატივი სცენ არასამთავრობო ორგანიზაციებს როლს, რადგან სამოქალაქო სექტორი ქართული სახელმწიფოს განვითარებისა და ჩამოყალიბებისათვის დემოკრატიის განვითარების საქმეში უდიდეს როლს ასრულებენ.
"თანამედროვე ევროპული დემოკრატია არ არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე. სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ელემენტი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.
შესაბამისად, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტი სივრცე შევქმნათ  იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს არასამთავრობო სექტორი და მათ შეძლონ ნორმალურ, უსაფრთხო პირობებში მუშაობა და არ იყვნენ მუდმივი თავდასხმის ობიექტები.
არავინ საქართველოს არ აღიქვამს დემოკრატიულ სახელმწიფოდ თუ აქ არ იქნება ძლიერი, მრავალფეროვანი სამოქალაქო სექტორი. ეს არის ერთერთი მთავარი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, რომელიც საქართველოს წინსვლის სერიოზული რესურსია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
ამიტომ არასამთავრობო სექტორისთვის უსაფრთხო და ნორმალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ეს ჯგუფები და ეს ადამიანები ასრულებენ ძალიან საჭირო საქმეს, აკვირდებიან: წინასაარჩევნო გარემოს, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მოქმედებებს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და როდესაც მათი შეფასებები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით იქნება ძალიან ყურადსაღები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.