​ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტი, როცა საქმე ეხება სასამართლო ხელისუფლებას არ ხელმძღვანელობს მართლმსაჯულების ინტერესებით და ხელოვნურად აჭიანურებს პროცესებს მისი გემოვნების და ვიწრო პოლიტიკური პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე

"პარლამენტი, როცა საქმე ეხება სასამართლო ხელისუფლებას არ ხელმძღვანელობს მართლმსაჯულების ინტერესებით და ხელოვნურად აჭიანურებს პროცესებს მისი გემოვნების და ვიწრო პოლიტიკური პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა, რომლითაც საბჭომ უზენაესი სასამართლოს ერთერთ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივა.
"ეს საქმე ძალიან კარგად აჩვენებს იმ სერიოზულ პრობლემას, რასაც სასამართლო სისტემის პოლიტიზირება ჰქვია, რასაც აკეთეს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პრეზიდენტს 2 წელზე მეტია წარდგენილი ჰყავს რამდენიმე კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პოსტზე. საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება ამ კანდიდატებთან მიმართებაში, რითიც პრაქტიკულად ხელოვნურად შეაჩერა ეს პროცესი. პარლამენტმა არც ეს კანდიდატები მოიწონა, არც პრეზიდენტს მისცა შესაძლებლობა დაესახელებინა სხვა კანდიდატები. ფაქტობრივად, აღნიშნული, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი თაროზე შემოდო", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, სწორედ ეს აჩვენებს იმას, რომ პარლამენტი სასამართლოსთან მიმართებაში ხელმძღვანელობს პოლიტიკური მოტივაციებით და არა მართლმსაჯულების ინტერესებით.
"ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა მიმდინარე საქმეების განხილვის დასრულებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების ნორმა პარლამენტმა ჯერ კიდევ 2016 წელს გააუქმა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული მიდგომა დაიჭირა მან საერთო სასამართლოებთან მიმართებაში, როდესაც მოსამართლისთვის უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობა დატოვა, რასაც პრაქტიკაში ძალიან არასწორად იყენებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ამ პოლიტიკური მიდგომების შესაძლებლობას თავისი პოზიციით ქმნის საქართველოს პარლამენტი, რაც ძალიან არასწორია, რადგან სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგან, პოლიტიკური მიდგომებისაგან და ყველა აქტორი, რომელიც ამ თემას ეხება, უნდა ხელმძღვანელობდეს მართლმსაჯულების ინტერესებით“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი განცხადებით, გუშინდელი შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პარლამენტი, როცა საქმე ეხება სასამართლო ხელისუფლებას არ ხელმძღვანელობს მართლმსაჯულების ინტერესებით და ხელოვნურად აჭიანურებს პროცესებს მისი გემოვნების და ვიწრო პოლიტიკური პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.