​ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტისათვის რთულია პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება და ამიტომ, ასე არარაციონალურად იხარჯება სახელმწიფო რესურსი, დრო და ენერგია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტმა მხოლოდ ფორმალურად დაძლია ვეტო და დარბაზშივე აღიარა, პრეზიდენტის ვეტოს არგუმენტების სისწორე.
როგორც "მაუწყებლის შესახებ" ვეტოს დაძლევის შემდეგ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, დღეს არაფერი ახალი არ იხილა საზოგადოებამ პარლამენტში, რაც არაერთ ვეტოზე არ მომხდარა.
"ჯერ დაძლევენ პრეზიდენტის ვეტოს თითქოს იმ მოტივით, რომ არგუმენტები არ არის ზუსტი და ასე შემდეგ, ცოტა ხანში, თვითონვე ცდილობენ ზუსტად ის ცვლილებები შეიტანონ რაც ვეტოშია დაფიქსირებული.
უბრალოდ, მათთვის რთულია პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება და ამიტომ, ასე არარაციონალურად იხარჯება სახელმწიფო რესურსი, დრო და ენერგია. დღესვე აღიარეს მათ, რომ ის ნაწილი, რაც ეხებოდა შესყიდვებს არასწორია და რაც წერია ვეტოში სწორი. და ცოტა ხანში ვნახავთ იმ აღიარებასაც, რომ დიახ მედიაგარემოზე ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.