​ანა ნაცვლიშვილი - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელით არ უნდა მივაყენოთ დარტყმა მედიასა და მედიაპლურალიზმს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები შეეხება პარლამენტის მიერ "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" და "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონპროექტების იმ ნაწილს, რომელიც არსებით საფრთხეებს შეუქმნის საზოგადოებრივ სიკეთეებს, მედიამრავალფეროვნებას, მედიაპლურალიზმსა და მედიაგარემოს.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კანონში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებები ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის კერძო მაუწყებლებს და კომერციულ მედიას, რაც აისახება მედიის დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობაზე. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მიიჩნევს, რომ მედიის ფინანსური პრობლემების შედეგად დაზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები და დაზარალდება სახელმწიფოში დემოკრატიის ხარისხი.
"ეს ცვლილებები ვერ მოაგვარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებს. ეს ცვლილებები ხელს გაუხსნის საზოგადოებრივ მაუწყებელში კორუფციულ რისკებს, რაც გახდება პრობლემა და გამოწვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობის მიმართ", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო განხილვისას.
მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელში რეკლამასთან მიმართებით მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს, ეს ცვლილებები შეცვლის ამ ნორმას და სპონსორობასთან და კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით.
"ეს ცვლილებები არსებითად მოახდენს გავლენას დღეს არსებულ მედიაბაზარზე. შექმნის უთანასწორო და უსამართლო კონკურენციის პირობებს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო მაუწყებლებს შორის. ამ ცვლილებებით ვიღებთ მრავალი მილიონებით დაფინანსებულ საზმაუს, რომელიც კონკურენციაში შევა ისეთ კერძო მაუწყებლებთან, რომლებსაც არა აქვთ ასეთი დაფინანსება. საზმაუ კერძო ტელევიზიებს ართმევს ფინანსურ რესურსს მედიასარეკლამო ბაზრიდან. ეს უსამართლო კონკურენცია დააზიანებს რეგიონულ მედიასაც, მათი დასუსტება ნიშნავს, იმას, რომ დასუსტდება მოქალაქეთა ჩართულობა საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი განმარტებით, პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებები იმოქმედებს, არა მხოლოდ მედიაგარემოზე, მას უფრო შორს მიმავალი ნეგატიური შედეგი ექნება სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაზე. ცვლილებები წინააღმდეგობაში მოვა სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებასთან, რომელმაც უნდა უზრუნველეყოს ქვეყანაში პლურალისტული მედიაგარემო.
"დღეს სახელმწიფოს განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძლიერი, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს ცვლილებები საზმაუს კომერციალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და ეწინააღმდეგება მის ძირითად იდეას. როგორ გააშუქებს საზმაუ მაგალითად შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ წამოჭრილ ფაქტებსა და პრობლემებს ამა თუ იმ საწარმოში, რომლისგანაც სარეკლამო შემოსავალს იღებს?", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოება და მოქალაქე საზმაუსათვის, მისი კომერციალიზაციის შემდეგ, გახდება მისი კლიენტი, არადა, ის უნდა ემსახუროს მოქალაქეს და არა კლიენტს. რეკლამის განთავსებისათვის საინტერესო შინაარსის შექმნით აუცილებლად მოხდება იმ პრიორიტეტების აღრევა, რასაც უნდა ემსახურებოდეს საზმაუ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, "სახელმწიფო შესყიდვების კანონში" შეტანილი თანმდევი ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში კორუფციული გარიგებების რისკებს ქმნის.
"არასწორია მოსაზრება, თითქოს, საზმაუს არა აქვს საშუალება დღეს, რომ აქცენტი გააკეთოს ხარისხზე. კანონი დღეს ამის საშუალებას იძლევა. შესყიდვები არ უნდა გავიდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულების პრინციპებიდან. არსებული რეგულაციებიდან გამოყვანის შემთხვევაში, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ კანონში სხვა ადეკვატური რეგულაციების დაწესებას", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სახელით და მისი ხელით არ უნდა მივაყენოთ დარტყმა მედიასა და მედიაპლურალიზმს.