​ანა ნაცვლიშვილმა მონიტორინგის ჯგუფთან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების გამოწვევები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ჯგუფთან ის გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მუშაობა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია - მონიტორინგის ჯგუფი წლებია მონიტორინგს უწევს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას. პრეზიდენტს აქვს დატვირთული საერთაშორისო დღის წესრიგი, მას უახლოეს მომავალში ექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები ბრიუსელში და ამ შეხვედრების წინ გვაქვს შესაძლებლობა, სამოქალაქო საზოგადოებიდან მოვისმინოთ როგორ ხედავენ ისინი ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მიმდინარეობას, რა პროგრესს ხედავენ, რა გამოწვევები რჩება და რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ხელისუფლებამ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მუშაობა.
"ასოცირების ხელშეკრულება არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ემსახურება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პროგრესს და წინსვლას მთელი რიგი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულებები, რაც აღებული გვაქვს ამ ხელშეკრულების თანახმად სრულდებოდეს დროულად და ხარისხიანად და ამის შესახებ საზოგადოებაც იყოს ინფორმირებული", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.