​ჩვენ ღია ვართ შევხვდეთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას - ანა ნაცვლიშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციების ფარგლებში, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ წევრებთან შეხვედრა გაიმართა. 
ოპოზიციური ფრაქციის წევრებთან შეხვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე, პროცესსა და მოდელებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო დღეს მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.
„გრძელდება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით. ამჯერად ეს შეხვედრა იმართება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან. ჩვენ, ასევე ღია ვართ შევხვდეთ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალას. უკვე დავფარეთ საზოგადოებრივი ჯგუფების დიდი ნაწილი და პროცესი გრძელდება იმ მიზნით, რომ შეირჩეს საუკეთესო კანდიდატი ღია, გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით ეს უკვე რიგით მეექვსე შეხვედრაა. აღინიშნა, რომ კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ დღეს კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, მმართველი გუნდის უარის მიუხედავად, კონსულტაციის ნებისმიერ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც შედგეს შეხვედრა.