​foreign policy- ინტერვიუ ნატო-ს ყველაზე შეუპოვარი კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტთან

მარგველაშვილი ვაშინგტონში ყოფნისას კონგრესის წევრებს და ექსპერტებს შეხვდა. „Foreign Policy”-სთან მან ისაუბრა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებზე, სააკაშვილზე და იმაზე, თუ რას სურს საქართველოს ვაშინგტონისგან.
Foreign Policy: რა მოლოდინები გაქვთ ამ ვიზიტთან დაკავშირებით?
გიორგი მარგველაშვილი:  ჩვენ ნამდვილად მოველით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას. გასულ წელს საკმაოდ შთამბეჭდავი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის და სენატორების ვიზიტის გათვალისწინებით, რომელიც შესაბამისი დეკლარაციებით დაგვირგვინდა. ჩვენ ასევე უნდა აღვნიშნოთ სამხედრო თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურია, მაგრამ ეს პროცესი გაგრძელებას საჭიროებს.  მოდით ასე ვთქვათ: ჩვენ დავინახეთ საქართველოს მხარდაჭერა, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ რუსეთი უკრაინასთან შეჩერებულიყო.
FP: ვაშინგტონში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს შესახებ, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ნატო-ს გაფართოების კონტექსტში. ფიქრობთ, რომ საქართველო კვლავ ნატო-ს გზაზეა, და თუ ასეა, რამდენად შორს არის ამ გზაზე?
გმ: მეთექვსმეტე წელია, რაც ჩვენ მივმართავთ ნატო-ს და მეათე წელია, რაც ნატო საქართველოს დაჰპირდა, რომ ქვეყანა გახდებოდა ალიანსის წევრი. ამ ათი წლის განმავლობაში საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება და მოთხოვნა შეასრულა, რეფორმების თუ სხვა ნებისმიერ კონტექსტში და ქვეყნის მიღწევები აღიარებულია ნატო-ს მიერ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ბრძოლის ველზე ერთად ვიმყოფებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაშინაც კი როდესაც ჩვენ თვითონ არ ვსარგებლობთ გლობალური უსაფრთხოების უპირატესობებით. სწორედ აქ ვიმყოფებით ახლა.
FP: როგორ შეაფასებდით თქვენს დღევანდელ ურთიერთობას მოსკოვთან და როგორ ფიქრობთ, მიიღებთ ტრამპის ვაშინგტონისგან იმას, რასაც მოელით?
GM: სიტუაცია მოსკოვთან შეფერხებულია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რაღაც მომენტში, მოსკოვი დაძაბულობისა და დაპირისპირების მაგივრად, საქართველოში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთში მცხოვრები ხალხთათვის უკეთესი მომავლის პერსპექტივას აირჩევს. მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ისტორიის ეს დრო და ფაზა არის სწორედ ის მომენტი, როდესაც რუსეთის უმაღლეს წრეებში ასეთი განწყობა ჩამოყალიბდება. პრეზიდენტ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიაში საპირისპიროს, ცივი ომის რიტორიკას ვხედავთ.
რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას, როგორც აღვნიშნე, 2017 წელი მთლიანად დადებითი იყო. მე მესმის თქვენ მიერ დასმული კითხვა და კონტექსტი და ჩემი პასუხია, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე პოზიტიურია.
FP: თქვენ ახსენეთ რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ. როდესაც ამ სიტუაციას უყურებთ, ფიქრობთ, რომ "ათ წელში ყირიმში იგივე მდგომარეობა იქნება, იგივე მდგომარეობა იქნება აღმოსავლეთშიც", როგორც მიგაჩნიათ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით?
GM: ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეები გაიაზრებენ სიტუაციას. ხანდახან მესმის განცხადებები, რომ "ცივი ომის წამოწყება შეუძლებელია, რადგან საბჭოთა კავშირთან შედარებით, რუსეთს არ ჰყავს ძლიერი სამხედრო ძალა და არ გააჩნია ეკონომიკა". რეალური ცივი ომი არ ყოფილა სტრატეგიული სარაკეტო ომი, ეს იყო ომი პოლიტიკაში, მარიონეტული ომები. ასეთი იყო ცივი ომი. მე ვიაზრებ სიტუაციას. რუსეთი ძალიან პირდაპირია. ისინი გულწრფელნი არიან თავიანთ განცხადებებში. ისინი გულწრფელნი არიან თავიანთ საგარეო პოლიტიკურ მიზნებში. თუ ჩვენ ვიაზრებთ ამ ყოველივეს, მაშინ საქართველო, უკრაინა და სხვა ქვეყნები, რომლებიც შეიძლება, იყვნენ რუსეთის დომინირების პოტენციური სფეროები, უნდა იყვნენ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებულნი და შეერთებულ შტატებთან დაახლოებულნი, რათა არ შევქმნათ პოტენციური კონფრონტაციის სფეროები.
FP: სააკაშვილი უკრაინიდან გამოაძევეს და ის პოლონეთში დაბრუნდა. საქართველო კვლავ ცდილობს მას ექსტრადირებას?
GM: გულწრფელად რომ გითხრათ, ეს პროცედურები ჩვეულებრივ, წარიმართება პროკურატურის, პოლიციის, ან შესაბამისი სახელმწიფოს მხრიდან. მე ვიცი, რომ მისი ექსტრადიცია მოითხოვეს უკრაინაში, მაგრამ არ ვიცი, იგივე მოხდება თუ არა სხვა სახელმწიფოებთან.
FP: ფიქრობთ, რომ ეს უნდა მოხდეს?
GM: მჯერა, რომ ორჯერ არჩეულ პრეზიდენტს გააჩნია პასუხისმგებლობა, რომ პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუტებს... ამიტომაც არ გავამართლე, ის, რომ მან საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადა უარი და უკრაინის მოქალაქე გახდა. არ მიმაჩნდა, რომ ეს სწორი საქციელი იყო. ის იყო ქვეყნის მთავარსარდალი და საქართველოს პრეზიდენტი ორი ვადით, შესაბამისად, ის უნდა პასუხობდეს კითხვებს. ის პატივს უნდა სცემდეს ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს.

ინტერვიუ