​გიორგი აბაშიშვილი პროექტის "სამოქალაქო ქმედების სკოლა" მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტური, ინოვაციური პროექტის "სამოქალაქო ქმედების სკოლა" მონაწილეებს შეხვდა.
პროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობისათვის კვალიფიციური დისკუსიის სივრცის შექმნას, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებზე იმსჯელონ.
სადისკუსიო თემებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და სხვა თემები.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ამ პროექტის ფორმატში შეკრებილი ახალგაზრდები მსჯელობენ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
"ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის დისკუსიებში ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები, მათი კვალიფიციური აზრი არსებობდეს. პროექტი გრძელდება და ახალგაზრდები იმსჯელებენ ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზეც",  - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.