​გიორგი აბაშიშვილი სოფელ საყუნეთში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ახალციხის რაიონის სოფელი საყუნეთის ბიბლიოთეკაში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ მცირე სათემო პროექტის „ხალხური რეწვის კურსები სოფლად მცხოვრები ქალების დასაქმებისა და გაძლიერებისათვის“ მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი მიზნად ისახავს ბიბლიოთეკარების მხარდაჭერას მცირე სათემო პროექტების განსახორციელებლად. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოფელ საყუნეთში, ასევე აგარასა და ზიკილიაში მცხოვრები ქალბატონები დაეუფლებიან ტრადიციული ხალხური რეწვის ხელოვნებას. კურსის დასრულების შემდეგ მათ ეცოდინებათ ხალიჩის ქსოვა, თექაზე მუშაობა, ქსოვა ჩხირებითა  და ყაისნაღით.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ დავაფინანსეთ ხალხური რეწვის კურსები და პრაქტიკულად მოხდა ადგილობრივების დასაქმება. მეორე მხრივ ეს ადამიანები ისწავლიან ხელობას, რომელიც შემდგომ დასაქმებაში გამოადგება მათ. ამავდროულად შექმნილია უკვე ძალიან საინტერესო ნამუშევრები, რომლებსაც ჩვენ შევიძენთ ბავშვთა ჰოსპისისთვის გადასაცემად“,-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
ბიბლიოთეკარებმა თემის მობილიზაციის ტრენინგები გაიარეს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი“ ფარგლებში.