​გიორგი აბაშიშვილისა და მიკოლაი ტაუბერის მონაწილეობით ბაკურიანში საერთაშორისო ვორქშოფი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის, კრინიცის ეკონომიკური ფორუმის საორგანიზაციო საბჭოს წარმომადგენლის მიკოლაი ტაუბერისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის მონაწილეობით დღეს ბაკურიანში საერთაშორისო ვორქშოფი გაიმართა.
ვორქშოფზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი ესწრებოდნენ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საზეიმო აღნიშვნასთან დაკავშირებით, ბაკურიანის ეკონომიკური ფორუმის გამართვის შესაძლებლობა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, ბაკურიანის ეკონომიკური ფორუმი კრინიცის ეკონომიკური ფორუმის ანალოგიური იქნება, მასში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი ინვესტორები და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და მასზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და პოტენციალი.
კრინიცის ეკონომიკური ფორუმის საორგანიზაციო საბჭოს წარმომადგენლის მიკოლაი ტაუბერის ვიზიტის ფარგლებში, ხვალ, გიორგი აბაშიშვილისა და დავით რაქვიაშვილის მონაწილეობით, კიდევ ერთი, სამუშაო შეხვედრა გაიმართება ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან. სამუშაო შეხვედრის შემდეგ კი, მიკოლაი ტაუბერი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად, ბაკურიანში ადგილობრივ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ბაკურიანის ეკონომიკური ფორუმი მნიშვნელოვანი ფორმატი იქნება რეგიონული თანამშრომლობისა და ინვესტორების მოსაზიდად, შესაბამისად, მასში სახელმწიფო მეთაურები, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.