​გიორგი აბაშიშვილმა მეოცე "თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის" გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მეოცე "თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის" გახსნაში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე 4 წელია მხარს უჭერს და წიგნის ფესტივალის ერთერთი დამფინანსებელია.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიზანი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და ზოგადად საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.
გიორგი აბაშიშვილმა წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს მიმართა და რამდენიმე მიმართულებით ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იმართება წიგნის ფესტივალი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წიგნის ფესტივალი არის საჩუქარი წიგნების მოყვარულთათვის. მეორე მხრივ, წიგნის ფესტივალი საშუალებას აძლევს მწერლებს, რომ საკუთარი ნამუშევრები წარუდგინონ საზოგადოებას და ეს ნამდვილად დიდი სტიმულია მათთვის, მათ შორის ახალგაზრდა მწერლებისთვის. წიგნის ფესტივალი ასევე ძალიან კარგი საშუალებაა გამომცემლობებისთვის, ვინაიდან წიგნის ბიზნესი კიდევ უფრო მეტად ვითარდება", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
წიგნის მოყვარულებისთვის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.