​გიორგი აბაშიშვილმა პროექტის "ზამთრის სკოლა - ქმედება იწყება" მონაწილეებთან ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარი ამოცანები განიხილა

საქართველოს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბაკურიანში პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით მიმდინარე პროექტის "ზამთრის სკოლა - ქმედება იწყება" მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.
გიორგი აბაშიშვილმა პროექტში მონაწილე 100-მდე ახალგაზრდასთან სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა და აუცილებლობა, ასევე მათი საზოგადოებრივ პროცესებში  ჩართულობის საჭიროება განიხილა.
გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრისას 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენებზე ისაუბრა და საქართველოს ოკუპაციის და მცოცავი ანექსიის პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საინტერესოა ახალგაზრდების მოსაზრებებისა და პოზიციების მოსმენა პირველ, ქართულ რესპუბლიკასა და სახელმწიფოებრიობაზე, იმ ამოცანებსა და გამოწვევებზე, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის წინაშე დგას, რა ვალი აკისრიათ მათ, როგორც საქართველოს ახალი თაობის წარმომადგენლებს.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ვორქშოფები, რომლის მიზანიცაა გამოუმუშავდეთ გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების, კრეატიული აზროვნების, პროექტების მართვისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენების უნარი.
მონაწილეები ეცნობიან სხვადასხვა წარმატებული ორგანიზაციის სტრუქტურებს და მათ მაგალითზე სწავლობენ, როგორ შექმნან და მართონ არასამთავრობო ორგანიზაცია, აწარმოონ ფანდრაიზინგი და ითანამშრომლონ სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან.
აღნიშნული პროექტის მიზანია მოქმედი ახალგაზრდული ქსელის გაძლიერება და მათი უნარების გაუმჯობესება, მათთვის სამომავლო პროექტებისთვის მომზადება. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მათთვის კომუნიკაციის უნარის გაძლიერებას, რათა შედგეს მონაწილეებს შორის აქტიური ურთიერთობა პროექტების მართვის პროცესში საქართველოს ყველა რეგიონიდან. პროექტს "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” ახორციელებს.