​გიორგი კვერენჩხილაძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა არის დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ გასატარებელი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ტელეკომპანია „იბერიაში“ სტუმრობისას გიორგი კვერენჩხილაძემ  განაცხადა, რომ სამართლიანი სასამართლო დღევანდელი იუსტიციის საბჭოს პირობებში ვერ შედგება, ვინაიდან ეს საბჭო ორგანულ წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს იდეასთან და ზოგადად სამართლიან მართლმსაჯულებასთან.
 
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მოუწოდებს მოსამართლეებს წაიკითხონ კონსტიტუცია თუ რა შემთხვევაში ხდება მოსამართლეზე ზეწოლა და მერე ისაუბრონ კონსტიტუციას ამოფარებულებმა.
 
„იუსტიციის საბჭო არ არის სასამართლო ორგანო, ის მართლმსაჯულებას არ ახორციელებს, შესაბამისად ვერანაირად ვერ გაიგივდება მათი მისამართით გაკეთებული განცხადება სასამართლოზე ზეწოლად.
 
პრეზიდენტი, რომელიც არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი, იგი არის საყოველთაო  სახალხო კენჭისყრით ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური, იგი არის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ფუნქციონირების გარანტი, მას არა თუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიც არის ნებისმიერ საზოგადოებისთვის მტკივნეულ, მგრძნობიარე და პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვას, შეფასებები გააკეთოს და პოზიცია დააფიქსიროს,“- განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
 
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა არის დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ გასატარებელი. რა თქმა უნდა არიან ღირსეული მოსამართლეებიც, მაგრამ ეს მოსამართლეები სწორედ მურუსიძის წნეხის ქვეშ არიან დღესაც და ისინი უნდა გათავისუფლდნენ ამ წნეხისაგან“,-მიიჩნევს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.