​გიორგი მარგველაშვილი : «ჩვენთვის ძალიან რთული გასაგებია მოსკოვის აგრესიული დამოკიდებულება»

საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს კავკასიის რეგიონში ვითარების გამწვავების გამო.
 
ფაქტები - საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ხუთშაბათს, ნაშუადღევს, ელისეის სასახლეში გიორგი მარგველაშვილს უმასპინძლა. ეს არის საქართველოს პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტი 2014 წელს თბილისში შემდგარი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გამყარება და საფრანგეთის პრეზიდენტის მეტი ჩართულობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ დისკუსიების დასრულების პროცესში. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კიდევ ერთხელ გამოხატა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
რუსეთმა სულ ახლახანს მოახდინა სამხრეთ ოსეთთან «სახელმწიფო საზღვრის» შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. როგორი იყო თქვენი რეაქცია?
 
ეს არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. წელიწადნახევრის წინ რუსეთმა დაიწყო მათი სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული მთავრობების დაცვის ხელოვნური პროცესი. ვფიქრობთ, რომ უნდა დავუბრუნდეთ იმას, რაც გათვალისწინებული იყო 2008 წელს პრეზიდენტ სარკოზის შუამდგომლობით მიღწეული „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  საერთაშორისო შეთანხმებით“, კერძოდ, ეს არის მხარეების ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება.
 
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს სურს მოაწყოს რეფერენდუმი და ამით რუსეთთან დაახლოების მექანიზმი შექმნას ...
 
ეს არის უკანონო, ალოგიკური და ხელოვნური გზა. ამით ისინი ვერაფერს მიიღებენ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ ქართველ ხალხს მომავალი მხოლოდ ევროპულ საქართველოში აქვთ და ჩვენ შორის არსებული პრობლემები მხოლოდ მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს. ქართული და საერთაშორისო საზოგადოების აზრით, მათი მოლოდინი, რომ სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის ტერიტორიები შეიძლება რუსეთთან იქნას მიერთებული, არარეალურია. როგორი იქნება მათი იდენტობა საქართველოს გარეშე?
 
როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ქმნის კონფლიქტებს თავის მეზობელ ქვეყნებთან და შემდეგ ეს კონფლიქტები იყინება. როგორია ამ შემთხვევაში თქვენი სტრატეგია?
 
ეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც თვლის, რომ მეზობელი ქვეყნები მისი სახლის «ეზოა». ვცდილობ, რაციონალური ახსნა მოვუძებნო იმას, რაც ხდება, რადგან ჩვენ მოსკოვთან დიალოგი და კარგი ურთიერთობა გვჭირდება, თუმცა ჩვენთვის საკმაოდ რთული გასაგებია ამგვარი აგრესიული დამოკიდებულება. რა საჭიროა კონფლიქტების შექმნა უკრაინაში, საქართველოში... და საკუთარ საზღვრებთან არასტაბილური ვითარება? რუსეთი ისედაც არის მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა და მას დამატებითი ტერიტორიები აღარ სჭირდება.
 
გაშფოთებთ თუ არა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლება, რომელშიც აზერბაიჯანი და სომხეთია ჩართული?
 
ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული მთიან ყარაბაღსა და მთლიანად კავკასიაში შექმნილი ვითარებით. აზერბაიჯანი და თურქეთი პარტნიორი ქვეყნები არიან, ისევე როგორც სომხეთი და რუსეთი. გარდა ამისა, მოსკოვი და ანკარა ერთმანეთთან კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებიან. მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე ომმა შეიძლება დიდი ზიანი მოუტანოს საქართველოს, ჩვენ კი მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობა და ეკონომიკური თანამშრომლობა გვსურს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო დადებითი ძვრები, გაჩნდა მხარეთა ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, კერძოდ, რუსეთისა და თურქთის მხრიდან. გამოსავალი საერთაშორისო თანამეგობრობის და განსაკუთრებით, «მინსკის ჯგუფის» ეგიდით სამშვიდობო მოლაპარაკებებია.
 
 
[რედაქტორის შენიშვნა: ევროპული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1992 წელს  კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოგვარების ხელშეწყობის მიზნით].
 
სომხური სათვისტომო საქართველოს მათ მიმართ ჩადენილი გენოციდის ფაქტის აღიარებას სთხოვს. აპირებთ თუ არა ამის გაკეთებას მომავალში?
 
ჩვენ ნახევარი მილიონი სომხური და ნახევარი მილიონი აზერბაიჯანული წარმომავლობის ქართველი გვყავს. ისინი მშვიდად ცხოვრობენ ჩვენ ქვეყანაში. 2015 წელს ჩვენ ღრმა მწუხარება გამოვთქვით გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი მოვლენების დროს დაღუპული ადამიანების გამო. როდესაც ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ვიმყოფები, ყოველთვის მივდივარ დაღუპულთა მემორიალთან ქართველი ხალხის სახელით.
 
გყავთ თუ არა ჯიჰადისტები სირიაში?
 
სპეცსამსახურების მონაცემებით, ისლამური სახელმწიფოსათვის მებრძოლთა რიგებს სირიაში რამდენიმე ათეული ჩვენი თანამემამულე შეუერთდა. ჩვენ ვმონაწილეობთ საერთაშორისო კოალიციაში და აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლის სფეროში. ჩვენი სპეცსამსახურები ყურადღებით ადევნებენ თვალს მებრძოლთა გამგზავრებისა და უკან დაბრუნების პროცესს, ქვეყნის შიგნით შესაძლო შედეგების გათვალისწინებით.
 
 
იმედგაცრუებული ხომ არ ხართ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის არასაკმარისი პროგრესით?
 
ამჟამად ჩვენ როგორც ნატო-სთან, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის  კონსერვატიულ ფაზაში ვიმყოფებით. აღნიშნული ორგანიზაციები სისტემატიურად ახდენენ საკუთარი გეგმების განიხილვასა და გადასინჯვას. ჩვენი ქვეყანა პირობებსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გამოხატავს პოლიტიკურ ნებას, ახორციელებს ამბიციურ რეფორმებს, ყველა საკითხს პუნქტობრივად განიხილავს წევრ ქვეყნებთან, მონაწილეობს კოლექტიური უსაფრთხოების შექმნაში და თავად ვერ სარგებლობს ამით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ტარდება სამხედრო წვრთნები ნატო-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ კმაყოფილებით შევხვდებოდით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უფრო გაბედულ ნაბიჯებს და მკაფიო ხედვას.
 
 
ამგვარი გაჭიანურება დასავლეთის მხრიდან  ხომ არ არის გამოწვეული იმით, რომ რუსეთი გაწევრიანების წინააღმდეგია?
 
მე ვიტყოდი, რომ რუსეთმა უფრო გაამყარა, ვიდრე შექმნა პრობლემა. ევროკავშირი და ნატო არ აღმოჩნდნენ საკმარისად მზად ამ ინტეგრაციის გამოწვევების მისაღებად. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაწევრიანების პერსპექტივა უფრო კონკრეტული გავხადოთ.
 
 
ხართ თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი ევროპის დაპირების მიმართ, რომელიც  საქართველოს მოსახლეობისთვის შენგენის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს?
 
ამ გადაწყვეტილებას ივლისის თვეში მიიღებენ.
 
 
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ექვს თვეზე ნაკლები დრო რჩება. საარჩევნო კამპანიის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით თქვენსა და პრემიერმინისტრს შორის გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა. მიღწიეთ თუ არა შეთანხმებას?
 
ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას პრემიერმინისტრთან. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს და შევძლებთ, რომ არჩევნების თარიღი (რედაქტორის შენიშვნა: 8 ოქტომბერი)  უცვლელი დარჩეს. მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური დეტალი დარჩა მოსაგვარებელი.
 
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნებისთვის“ საკმაოდ ძლიერი დარტყმა იყო კოალიციიდან „დემოკრატების“ გასვლა. პოლიტიკური პარტიების მომრავლებასთან ერთად, ხომ არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ შეიქმნას ახალი გაერთიანებები?
 
ორი წლის წინ მთავრობა დემოკრატიული გზით შევცვალეთ. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არ მივიღოთ ისეთი პოლიტიკური სურათი, სადაც მხოლოდ ორი, ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული პარტია იქნება წარმოდგენილი. მომავალი არჩევნები იქნება უფრო ღია, რადგან ქვეყანაში უკვე არსებობს სამი, ან ოთხი ანგარიშგასაწევი ძალა. ამიტომ არჩევნების დასრულების შემდეგ, მათ მოუწევთ ერთმანეთის მოსმენა იმისთვის, რომ შეძლონ ქვეყნის მართვა.