​გიორგი მარგველაშვილი - ბერძენ ხალხთან თანამშრომლობისა და პოლიტიკური ალიანსების შეკვრის ათასწლეულების გამოცდილება გაგვაჩნია

საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა და პროკოპის პავლოპულოსმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
გიორგი მარგველაშვილმა ბერძენ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საბერძნეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ავლენს.
"ჩემთვის და ჩემი დელეგაციისათვის ათენში ყოფნა უაღრესად ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია.
მეძლევა შესაძლებლობა დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, ბერძენ ხალხს და ბერძნულ სახელმწიფოს, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში ჩვენ თქვენგან ვხედავთ.
თქვენ ძალიან ნათლად დაუჭირეთ მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს, თქვენ ძალიან ნათელი პოზიცია დააფიქსირეთ ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ ძალიან გვტკივა და გვაღელვებს და თქვენ მიეცით შესაძლებლობა საქართველოს კიდევ უფრო ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ ალიანსში.
ყველა საერთაშორისო ფორმატში და ყველა საერთაშორისო გლობალურ ფორუმზე საბერძნეთს უკავია საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისეთი პოზიციები, რომლებიც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, სასიხარულო და ჩვენთვის სასარგებლოა.
ჩვენ ვხედავთ და ვნახეთ ბერძენი ხალხის გვერდში დგომა მაშინაც, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა და ათასობით ქართველმა საბერძნეთში ეკონომიკური სირთულეებისგან ნახა თავშესაფარი და ამისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბერძენ ხალხს.
ბატონო პრეზიდენტო, ნათელია, საბერძნეთის ძირითადი პრინციპი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში: ეს არის მკაფიოდ, კანონის უზენაესობა და ალბათ, ამიტომაც ჩვენი შეხედულებები ძალიან ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს.
ჩვენ, ქართველები ნათლად ვხედავთ ჩვენს მომავალს ევროპულ ერთა ოჯახში და ამის არგუმენტად ჩვენ მოგვყავს ჩვენი უძველესი ენის ევროპულობა.
ყველაზე სწორი ადგილი, რომ ჩვენ დავადასტუროთ ეს ევროპულობა, ალბათ, სწორედ ათენში ყოფნაა, იმ დედაქალაქში, რომლის მიმართაც ჩემმა ერმა, 15 საუკუნის წინ, გააკეთა გეოპოლიტიკური არჩევანი და ამის მერე, ჩვენი ორი ერი სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ საკითხებში სულ ერთად მოდიოდა.
 
ჩვენ არამხოლოდ გავაკეთეთ რელიგიური არჩევანი, არამედ გეოპოლიტიკური ალიანსი შევკარით, რომელიც თვისობრივად განაპირობებდა ვითარებას მსოფლიოს ამ რეგიონში და დღესაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ამ თვალსაზრისით, რადგანაც უკვე ახალ ვითარებაში, საქართველო ხდება შემაერთებელი ხიდი აზიურ და ევროპულ ეკონომიკებს შორის : იქნება ის ნავთობსადენი, რომელიც კასპიის ენერგორესურსებს დაუკავშირებს სამხრეთ ევროპას და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვნად საბერძნეთს.
ეს პროექტები, რომლებიც აკავშირებს კასპიის რეგიონს შავი ზღვის რეგიონს და შემდგომ მთლიანად ევროპულ სივრცეს, სწორედ საქართველოს მეშვეობით და საქართველოზე გავლით ხორციელდება.
ამ კონტექსტში, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში.
შესაბამისად, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ როგორც ერებს გაგვაჩნია ათასწლეულების გამოცდილება ერთმანეთთან თანამშრომლობის და არამხოლოდ კულტურული, ან სულიერი არამედ, პოლიტიკური ალიანსების შეკვრის თვალსაზრისით.
ჩვენ დღეს ნათლად მივისწრაფვით ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ, რომლის ნაწილიც საბერძნეთია და მადლობელი ვართ იმისთვის, რომ საბერძნეთი ამ თვალსაზრისით გვიხსნის ყველა შესაძლებლობას. მე ვხედავ ორმხირივი ურთიერთობის დინამიურ განვითარებას და მინდა მადლობა კიდევ ერთხელ უნდა გადაგიხადოთ.
დაბოლოს, ბატონო პრეზიდენტო, მომავალ წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ვზეიმობთ,  ქართველი ხალხისთვის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ, თქვენ მოახერხებდით 26 მაისს ჩვენს ამ ღონისძიებაზე დასწრებას და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდით ჩვენს ერებს შორის თანამშრომლობის ღრმა ტრადიციებს”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საბერძნეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ევროპული კურსისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
"საბერძნეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ორ ძირითად ღერძზეა დამყარებული: პირველი- ეს არის ჩვენი ძლიერი და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისადმი, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების არსებობა ევროპულ სივრცესთან. მეორე კი, ეს გახლავთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრისათვის, ისევე როგორც ამას გაეროს მოთხოვნები ითვალისწინებს. 
ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვეფუძნებით ევროპის სამართალსა და საერთაშორისო სამართლით მიღებულ წესებს და კანონებს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის შიდა ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვეფუძნებით საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით ვაწარმოებთ ჩვენს ურთიერთობას გარეშე ქვეყნებთან.
ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემები არსებობს, მაგრამ ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ როდესაც ასეთი საკითხი დადგება, საბერძნეთი ყოველთვის იქნება თქვენი მხარდამჭერი საერთაშორისო სამართლის პირობების დაცვის შემთხვევაში არსებული საკითხების გადაწყვეტისას“ - აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა და განსაკუთრებით გავუსვა ხაზი საქართველოს პრეზიდენტის წვლილს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარების საქმეში.
"ეს მხარდაჭერა გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც თქვენ იყავით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოში. იმ დროიდან თქვენ მხარს უჭერდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ამ ინსტიტუტის მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას და გაძლიერებას“ - აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა.