გიორგი მარგველაშვილი - მოგიწოდებთ ყველას, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და პირველ რიგში მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას უმნიშვნელოვანეს, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის მიღებისათვის."მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომელთა ათობით და ათასობით წარმომადგენელი ძალიან, აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი ყოფილიყო დაცული და ყველაფერი ჩატარებულიყო კანონის ფარგლებში. შეჯამებისას, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არჩევნების დღემ ძირითადში, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ ხარვეზებს, რაზეც ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მიგვითითეს აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება და გამოსწორდეს არა როდესმე, არა რომელიმე მომავალ არჩევნებზე, არამედ მეორე ტურზე. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ მისასალმებელი და დემოკრატიულობის მაჩვენებელია ის, რომ ეს იყო ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები, რაც გამოიხატა არჩევნების მეორე ტურშიც.
მინდა, მოგიწოდოთ ყველას, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მეორე ტურში. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესისათვის. ქართველი ამომრჩევლის განცდა, რომ ის არის პოლიტიკური ინსტიტუტების და პოლიტიკური ძალების წარმატებისა თუ მარცხის განმაპირობებელი, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ამ არჩევნებზე. საქართველოში ძალაუფლების წყარო ხალხია. თქვენ ამას გრძნობთ და არავის არ უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება. ასე რომ, მინდა, გავიმეორო თხოვნა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უაღრესად მნიშვნელოვანია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასზე იგივე მოცულობით, სკრუპულოზურობით და ინტენსივობით იყვნენ წარმოდგენილნი სადამკვირვებლო მისიები”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და სპეციალური განცხადების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ: საარჩევნო და წინასაარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების მნიშვნელობით, არჩევნების მეორე ტურისათვის ოპოზიციის გაერთიანების შედეგის პროგნოზირებით და მეორე ტურის მოლოდინებთან დაკავშირებით.
"რა არის ჩემი შეხედულებით პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი და რა მცდარი, ამის თაობაზე ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან ღიად, მათ შორის, მედიის საშუალებით, ვეუბნებოდი ჩვენ მოქალაქეებს და პირველ რიგში, ხელისუფლებაში მყოფ, ჯერ კოალიციას და შემდეგ უკვე პარტიას „ქართული ოცნება“. მე ეს მისია მიმთავრდება და ახლა თავად შეძლონ და თავად ამოიკითხონ ის გზავნილები, რომლებიც მათ მისცა ქართულმა საზოგადოებამ. ხუთი წლის განმავლობაში ამას ვაკეთებდი ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე, ვამბობდი, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც იყო შეცდომები, თუმცა ხუთი წლის განმავლობაში, ამის გამო კრიტიკა და უსამართლო თავდასხმები მესმოდა.
რაც ეხება იმას, მე რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა.... ისტორიაში ჰიპოთეტური დაშვებები ძნელია, მაგრამ, 2013 წელს, ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, ნახევარზე ნაკლები ფინანსური რესურსით იმისა, რაც დღეს დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“, იმ ფონზე როდესაც პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი და როცა არც ერთი გამგეობა და რაიონული სტრუქტურა ჩვენ არ გვეკუთვნოდა, ისე კი არა, როგორც ახლაა, როდესაც ყველა რაიონული სტრუქტურა „ქართული ოცნების“ ხელშია, ჩვენ დავდეთ შედეგი, რომელიც ყველასათვის ცნობილია, ეს არის 62 პროცენტი, ეს არის ფაქტობრივი პასუხი და რა იქნებოდა და დანარჩენი ჰიპოთეტურია“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვისას.