გიორგი მარგველაშვილი - მოსამართლეთა მოსაზრებების მოსმენა, უნდათ, თუ არა მათ მეტი თავისუფლება და მეტი დემოკრატია თავიანთ სისტემაში, ჩემთვის ძალიან საინტერესო და ყურადსაღები იქნება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცი პარლამენტის მიერ არჩეულმა მანანა კობახიძემ დადო.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ უმასპინძლა.
გიორგი მარგველაშვილმა ახლადარჩეულ მოსამართლეს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„ჩემი ბათუმში ჩამოსვლა არ ყოფილა არასდროს, რომ არ მოვსულიყავი ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში და არ გამომეხატა პატივი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.
ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არის აქ. აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც განაპირობებენ ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესს, ბრძანდებიან ბატონი და ქალბატონი მოსამართლეები და მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა და გამოვხატო ჩემი პატივისცემა ამ ინსტიტუტის მიმართ და იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაღრმავების გზაზე.
მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ გარანტორი ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცულობისა და ამავე დროს თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირების გარანტორი.
ასევე ხართ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცხოვრების მონაწილენი, რომელიც ვითარდება და მიმდინარეობს სწორედ თქვენი გადაწყვეტილებების ირგვლივ და თქვენს გადაწყვეტილებებთან მიმართებაში.
დღეს მიმდინარეობს ძალიან სერიოზული და საინტერესო პროცესი ე.წ „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებით, მინდა მკვეთრად დავაფიქსირო ის, რომ ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ამოსავალი განპირობებული იქნება სწორედ თქვენ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიდან, იმ შეხედულებებიდან, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ჩამოაყალიბა ამ კანონთან მიმართებაში.
მე ამ კანონის განხილვის პროცესში ვიყავი ჩართული თავიდანვე, პირველ ეტაპზევე, როდესაც საჭირო გახდა მაშინ ვეტოს გამოყენება. მაშინ სხვა მოტივაციით იყო ვეტო, მაგრამ ახლა უკვე ამ კანონის განხილვის კონტექსტში, თქვენი გადაწყვეტილება არის ის, რითიც ვიხელმძღვანელებთ, როდესაც ვითანამშრომლებთ ამ კანონის დახვეწასა და განვითარებაზე.
კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მოსამართლეთა სამწლიან ვადასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დაძლეული ვეტოს ერთერთი საკითხი სწორედ იმას უკავშირდება, რაზეც თქვენ დღეს გადაწყვეტილება მიიღეთ - სწორედ სამწლიანი ვადის თემას.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასე ვთანამშრომლობთ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე თურმე, საერთო ხედვები გვაქვს.
მინდა ერთი წამით, კიდევ გავუზიარო საზოგადოებას ჩემი დამოკიდებულება „საერთო სასამართლოების კანონსა“ და იმ დაძლეულ ვეტოზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების ირგვლივ ჩვენში იყოს გახსნილი და გულწრფელი დიალოგი. ვეტო ეხებოდა მოსამართლეთა უფლებას საერთო სასამართლოებში ყოფილიყვნენ უფრო დაცულები, უფრო თავისუფალნი და იყოს მეტი დემოკრატია საერთო სასამართლოების სისტემაში.
ამ საკითხის ირგვლივ არაერთი აზრი გამოითქვა და პოლიტიკურმა დებატებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოიცვა ჩვენი საზოგადოება. თუმცა, ყველაზე მეტად მე დამაინტერესებდა სწორედ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ, ხომ რეალურად ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რა წესით უნდა ფუნქციონირებდეს დაახლოებით, 300 ადამიანისგან შემდგარი მოსამართლეთა კორპუსი, რომლებიც გამოირჩევიან საკუთარი იურიდიული ცოდნით, კვალიფიკაციით და უნარით განსაჯონ ჩვენი ბედი.
ამ თვალსაზრისით, მათი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, უნდათ თუ არა მათ მეტი თავისუფლება და მეტი დემოკრატია თავიანთ სისტემაში, ჩემთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო და ყურადსაღები.
მიმაჩნია, რომ ასე აზრის თავისუფლად გამოთქმა არის ის წინაპირობა, რომელიც ამუშავებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას.
დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გულწრფელად დავაფიქსიროთ ჩვენი პრინციპული პოზიციები ყველგან, ყველა ადგილას და არამარტო ძალიან მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან.
დემოკრატია ხორციელდება ხალხის მიერ ყველა იმ კონკრეტულ წერტილში, სადაც ისინი საკუთარ და სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ; დემოკრატია ხორციელდება, როდესაც ჩვენ ერთმანეთს გულწრფელად საუბარში და დებატებში ვიწვევთ, ვესაუბრებით.
არ შემიძლია, ამ კონტექსტში არ გამოვხატო კიდევ ერთხელ ჩემი აღტაცება ამერიკული დემოკრატიის ფუნქციონირებით.
დღეს, როდესაც ვარ ამ სასამართლოში არ შემიძლია არ გავიხსენო სულ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რატომ ფუნქციონირებს ამერიკული დემოკრატია ასე ეფექტიანად და ძლიერად.
თქვენ იცით, რომ ამერიკულ საზოგადოებაში სასამართლოების ირგვლივ იყო დებატები და პრეზიდენტის მიერ ჯერ მხოლოდ წარდგენილმა და არა დამტკიცებულმა მოსამართლემ, ბატონმა ნილ გორსაჩმა საკუთარი კრიტიკული პოზიცია დამტკიცებამდეც კი დააფიქსირა და ამით ძალიან ჯანმრთელი პროცესი აწარმოა. მე, რა თქმა უნდა, დეტალებში არ შევდივარ, რომელი მხარეა მართალი, მაგრამ ის სიჯანსაღე, როდესაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი, ჯერ კიდევ არდამტკიცებული მოსამართლე აკრიტიკებს მოქმედ პრეზიდენტს, აი ეს სიჯანსაღე, ეს გულწრფელობა, ეს უნარი, რომ ყველამ საკუთარი პოზიციიდან, ძალიან ნათლად დააფიქსიროს თავისი ხედვა, ეს ამუშავებს ამერიკულ დემოკრატიას.
ეს აძლიერებს იმას, რასაც ჩვენ ინსტიტუტთა ბალანსს და გაწონასწორებას ვეძახით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და პატივიცემა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, ასევე მთლიანად მოსამართლეთა კორპუსის მიმართ, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნქციონირებაში.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლობა თანამშრომლობისთვის და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სადაც იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ჩემს მიერ სამსჯელო პოლიტიკურ პროცესებს, სწორედ თქვენი გადაწყვეტილებები იქნება ჩემთვის ამოსავალი და იქნება ჩემთვის განმსაზღვრელი'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში.