​გიორგი მარგველაშვილი - მოვუწოდებ ეთნიკურ უმცირესობებს აქტიურად ჩაერთონ საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმო აღნიშვნაში

ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თელავისა და გორის შემდეგ, მარნეულის მოსახლეობას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწყებული კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი", რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა და აღნიშნული თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.
მარნეულის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას პრეზიდენტმა მიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდა.
გიორგი მარგველაშვილმა მარნეულის მოსახლეობას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ამ მნიშვნელოვანი თარიღის საზეიმო აღნიშვნაში.
"წელს საზეიმო მიზეზი გვაქვს - 100 წელი უსრულდება პირველ რესპუბლიკას. ჩვენმა წინაპრებმა დააფუძნეს რესპუბლიკა, დააფუძნეს დემოკრატიული მმართველობა, მიიღეს პირველი კონსტიტუცია - მაღალი  დემოკრატიული სტანდარტების დოკუმენტი, მიანიჭეს ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საფუძველი ჩაუყარეს იმ ხედვებს, რომლითაც მომავალმა თაობებმა იხელმძღვანელეს და ამ პრინციპებზე დაყრდნობით ააგეს შემდგომში ახალი კონსტიტუცია და დამოუკიდებელი სახელმწიფო", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" ერთერთი მიზანი სწორედ თავისუფლებისაკენ სვლისა და სწრაფვისას, განვლილი გზის, დამოუკიდებლობის ასწლიანი პროცესის გაანალიზებაა.
"ჩვენ ჩვენი ფიქრით უნდა ჩავერთოთ ამ კამპანიაში - მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ ახალგაზრდები, მომავალი თაობა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. ჩვენ გამოვაცხადეთ ესეების კონკურსი, კონკურსის შედეგად შერჩეულ ერთიან ნააზრევს გამოვცემთ კრებულად, რათა ჩვენი ნაფიქრალი დარჩეს მომავალ თაობებს. ჩვენი მიზანია შევაჯამოთ პირველი რესპუბლიკის ასწლეული - დავფიქრდეთ, როგორ ვაფასებთ წარსულს და გამოვხატოთ ჩვენი იმედები, როგორ ვხვდებით ახალ ასწლეულს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და თავი დააღწია რუსეთის იმპერიას, თუმცა რუსეთის ფედერაციამ არ დათმო მთლიანად საქართველო და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ოკუპანტები განაგრძობენ უკანონო ქმედებებს. ამ დღეებში მოკლულია ერთი და დატყვევებულია რამდენიმე საქართველოს მოქალაქე.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმს ჩვენთან ერთად გაიზიარებენ და შემოგვიერთდებიან ევროპული სახელმწიფოები და მათი ლიდერები, ეს თარიღი იქნება საწინდარი იმისა, რამდენად მხარდაჭერილია საქართველო და რამდენი მეგობარი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და რა მიზნებისკენ ვმოძრაობთ.