​გიორგი მარგველაშვილი - მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის საკითხებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას განვიხილავთ

გიორგი მარგველაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მან გასწია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.
"ბატონო სტოლტენბერგ, ნება მომეცით, პირადად გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებაში ჩადებული ძალისხმევისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი შეხვედრების ორგანიზებისათვის, რომლებიც დღეს გაიმართება.
ჩემი ქვეყნისთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს უსაფრთხოება, მომავალი და სტაბილურობა უკრაინასთან ერთად განვიხილოთ. საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი ხელს უწყობს ევროატლანტიკურ სტაბილურობას და ერთერთ უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.
ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ერთერთი მთავარი კონტრიბუტორი ვართ, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაღრმავებთ ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგს და მოხარულნი ვართ, რადგან შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესია და მჯერა, რომ ამ კონტექსტში საქართველოს ჩართულობა მეტი უსაფრთხოების და სტაბილურობის მომტანი იქნება რეგიონისთვის. რამდენიმე წუთში, როგორც აღვნიშნე, მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის საკითხებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას განვიხილავთ. ჩვენს მოკავშირეებთან ვიმსჯელებთ თუ როგორ გავხადოთ საქართველო უფრო სტაბილური და უსაფრთხო, როგორ გავაძლიეროთ უკვე არსებული ნატო-ს ფორმატები, რომლებიც ჩემს ქვეყანას ეხმარებიან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, მოკავშირეებთან უფრო ქმედით თანამშრომლობაში და საბოლოო მიზნის, ნატო-ში გაწევრიანების მიღწევაში.
ყველა ვთანხმდებით, რომ რომ ნატოს და საქართველოს განსაკუთრებული პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებთ, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ თანამშრომლობა კონტრდაზვერვის, უსაფრთხო კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მომავალ წელს ვგეგმავთ ძალიან ინტენსიური წვრთნების ჩატარებას ჩვენ მოკავშირეებთან ერთად.
ჩემი პოზიცია, რომელსაც ბევრი ჩვენი მეგობარი და მოკავშირე იზიარებს არის ის, რომ ქართველი ხალხი, მათი შესაძლებლობების, თავდადებისა და საერთო ტვირთის გაზიარების გათვალისწინებით, ვიმსახურებთ ალიანსთან სწრაფ დაახლოებას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
იენს სტოლტენბერგმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის.
"უკვე ათი წელია, რაც ნატო-საქართველოს კომისიის პირველი შეხვედრა შედგა. ამ დროში ჩვენი პარტნიორობა გაძლიერდა და განმტკიცდა. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის უნიკალური, თქვენ ბრძანდებით ალიანსის ერთერთი ყველაზე ქმედითი პარტნიორი და სანდო მეგობარი. ჩვენი პარტნიორობა აძლიერებს, როგორც საქართველოს, ისე ნატოს და უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის მას.
საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებში, მადლობას გიხდით მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში თქვენი კონტრიბუციისათვის და ვაფასებთ იმ მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო და იმ წვლილს, რომელიც შეაქვს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხებში. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ლიდერები დიდ ძალისხმევას გაწევენ იმისათვის, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე. 
ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელიც თქვენ რეფორმების კუთხით განახორციელეთ და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს. არსებით პაკეტი, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხებს ეხება, იმუშავებს თქვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც პოლონეთის სასწავლო წვრთნებში, ისე ნატოს სასწავლო წვრთნებში თბილისში. მე ველი წევრთა თანამშრომლობას ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებში. ასევე მსურს მადლობა გადაგიხადოთ, იმისათვის რა წვლილი შეიტანეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონში.
ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მივესალმებით თქვენს სურვილს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ეროვნული თავდაცვის საკითხებს მოახმაროთ. მადლობა პრეზიდენტო მობრძანებისთვის და თქვენი ჩამოსვლით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება",- აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.