გიორგი მარგველაშვილი - ნებისმიერი თანამოქალაქის ჩაგვრა ტრაგიკული და დამანგრეველია ჩვენი კულტურისა და საზოგადოებისათვის
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში "ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“ მიიღო მონაწილეობა და კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ფემიციდის შემზარავ ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში 2017 წელს 22-მდე ფემიციდის შემთხვევა მოხდა, მაგრამ დღეს უკვე სახელმწიფოცა და საზოგადოებაც რეაგირებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტებზე, რადგან მსგავსი ძალადობის შესახებ 10 000 მიმართვა დაფიქსირდა.
საქართველოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ წელს საქართველომ 2011 წლის ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, რომელიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის არეალს აფართოებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სულ უფრო იზრდება სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ინსტიტუტების მიერ ამ პრობლემაზე რეაგირების კვალიფიკაცია და უნარი, ასევე იზრდება უნარი სასამართლო სისტემის მიერ ამ პრობლემის პრევენციისა და რეაგირებისა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩვენ არ გვაქვს არც იდეალური, არც იდეალურთან მიახლოებული მდგომარეობა. ჩვენ ღია ვართ და ვუსმენთ, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, ასევე იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც იძლევიან ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები, ქვეყნის სახალხო დამცველი.
"ფემიციდთან დაკავშირებული საკითხები ბუნებრივია, არ არის რაღაც ვიწრო მხოლოდ კონკრეტული, კრიმინალური შემთხვევის გამოხატვა და ჩვენ უნდა ნათლად გაუსწოროთ თვალი იმ ფაქტს, რომ სამწუხაროდ ეს ჩვენი საზოგადოების ჩვენი სოციუმის პრობლემაა.
ბევრი საკითხის პრევენცია შესაძლებელია ამა თუ იმ საკანონმდებლო ცვლილებით, ამა თუ იმ პოლიტიკის გატარებით. დღეს მე მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას და ვუთხრა , რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციაში გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოება. გადამწყვეტ როლს თამაშობს ის, რანაირად აღვიქვამთ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ძალადობას ჩვენი თანამოქალაქე ქალების წინააღმდეგ. ის რანაირადაც თქვენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რეაგირებთ ძალადობის ყოველ შემთხვევაზე. რა კომენტარსაც აკეთებთ არა საჯაროდ იმ შემთხვევაზე, როდესაც თქვენს მეზობლად ხორციელდება ძალადობა; რანაირად აფასებთ იმას, როდესაც ქალბატონები იბრძვიან თავის უფლების დასაცავად; რა რეაქცია გაქვთ, როდესაც იგებთ ამა თუ იმ შემაძრწუნებელი ფაქტის შესახებ - აი, აქ წყდება მომავალი დანაშაულების, მომავალი ჩაგვრის, მომავალი ძალადობის ბედი.
ჩვენ უნდა მოვაშოროთ ყოველგვარი გაგება და ხშირად არსებული გარკვეული თანაგრძნობა თუ რომანტიზმი, რომელიც თან სდევს ხოლმე ქალთა წინააღმდეგ ძალადობის გააზრებას თუ განსჯას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, ერთმნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანი ძალადობს ქალზე, ეს არის უფრო ძლიერის ძალადობა ფიზიკურად უფრო სუსტ ადამიანზე. ამით განსხვავდებიან საზოგადოებები, ამით განსხვავდება ცივილიზაცია იმისგან, რაც კულტურას და ცივილიზაციას ველურობისგან ანსხვავებს.
"სუსტი ადამიანის დაცვა არის ის, რატომაც შეიქმნა საზოგადოებები. თითოეული მოქალაქე ხდება მოქალაქე, როდესაც ის იცავს სხვის უფლებებს, სხვის თავისუფლებებს და ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ თქვენი შეფასებები, თქვენი შეხედულებები თქვენი რწმენა იმისა, რომ ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქის ჩაგვრა ამა თუ იმ ნიშნით ტრაგიკული და დამანგრეველია, როგორც ჩვენი კულტურის, საზოგადოებისა და მორალისთვის არის ამოსავალი. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ეფექტიანი სახელმწიფოს პოლიტიკა და ამის შემდეგ ხდება ეფექტიანი სამართალდამცავი ფუნქციები და ვალდებულებები", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიმართულებით კიდევ ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს და ბევრი ინიციატივა შეიძლება განხორციელდეს, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი საზოგადოების ინტეგრირებულობას და ერის მთლიანობას, რომელშიც ქალიც და მამაკაციც თანაბრად ქმნის ერთიან საოზგადოებრივ- პოლიტიკურ სივრცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს განვითარების საქმეში ქალთა ჩართულობის გაზრდისა და საარჩევნო სიებში ქალთა კვოტირების საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"2015 წელს, როდესაც ყველა ვიყავით შეძრწუნებული 2014 წელს მომხდარი ფემიციდის ფაქტებით, მე გამოვაცხადე ის წელი ქალთა წლად და მაშინ ბევრი საინტერესო ინიციატივა წამოვიდა სამოქალაქო საზოგადოებიდან. მათ შორის ერთერთი ყველაზე საინტერესო არის პოლიტიკურ სიებში, საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების საკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები ქმნიან ჩვენი ქვეყნის დოვლათის მნიშვნელოვან ნაწილს, ისინი არიან უაღრესად აქტიურები ჩვენი ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც კულტურული, ასევე ბიზნესისა და საზოგადოებრივი ცხოვრების შექმნაში, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურ სისტემებში ქალთა წარმომადგენლობითობა არ არის საკმარისი და არ არის ნამდვილად იმ სტანდარტზე, რომელსაც რეალურად თამაშობენ ჩვენს საზოგადოებაში ქალები",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.