გიორგი მარგველაშვილი - ქართველებს კარგი თვალი აქვთ - დაინახონ რუსული პროპაგანდა, როცა რუსები ცდილობენ მათ შეცდომაში შეყვანას, ან მათთვის ძირის გამოთხრას
დავიწყებ ამ სასიამოვნო შემთხვევით, ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავით, რაც თქვენი ვიზიტის მიზეზს წარმოადგენს. რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს ამ დღესთან დაკავშირებით?გილოცავთ! თქვენთან ერთად მეც ემოციებით ვარ აღსავსე. ეს განსაკუთრებული წელია, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ლიტველებისთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის, რადგან ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იღწვოდნენ, რის გამოც ცოცხლობდნენ და კვდებოდნენ. 100 წლის წინ ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოებს. ვულოცავ ამ დღეს თითოეულ ლიტველ ოჯახს.
მადლობა. ეს მილოცვა საქართველოზეც ვრცელდება.
შესანიშნავია, რომ სიტყვა "საქართველო" ლიტველებისგან მესმის. ქუჩაში სეირნობისას ხალხისგან ემოციას და იმ სითბოს ვგრძნობ, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი აქ ყოფნისას. ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემს ქვეყანას ქართულად უწოდებთ - "საქართველოს".
სახალხო მსჯელობა იყო საქართველოს სახელის ოფიციალურად შეცვლის შესახებ. შესაძლოა, რომ თბილისმა ჩვენს პარლამენტს, ან მთავრობას მიმართოს, რათა მხარდაჭერა გამოხატოს ამ იდეის განხორციელებაში?
ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს არაერთ ბევრად უფრო რთულ საკითხზე. მინდა გითხრათ, რომ თქვენი პრეზიდენტი, რომელიც გამოჩენილი ევროპელი პოლიტიკოსია, საქართველოს სათქმელს ბევრ ისეთ სივრცეში აჟღერებდა, სადაც საქართველო არ იმყოფება. ის ჩვენს საკითხებს ბევრ ფორუმზე აჟღერებს და შესაბამისად, ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. რასაკვირველია, ჩვენ ვემხრობით ამ შესანიშნავ პროექტს, რომ საქართველოს "საქართველო" ეწოდოს და ვიმედოვნებ, რომ ის მალე განხორციელდება.
ლიტვის პრემიერ-მინისტრმა, საქართველოში ბოლოჯერ ყოფნისას განაცხადა და ალბათ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლიტველი პოლიტიკოსი ამას ამბობს, რომ საქართველოს ლიტვა ყოველთვის ეყოლება, როგორც მეგობარი ქვეყანა. მაგრამ ეს გულისხმობს პოლიტიკურ დონეზე მეგობრობას. პოლიტიკოსები აკეთებენ დადებით განცხადებებს, მაგრამ რასაც ჩვენ ვგრძნობთ, ეს არის ძალიან დიდი ორმხრივი სითბო ჩვენს ხალხებს შორის.
ზოგი ლიტველებს ბალტიისპირელ ქართველებს უწოდებს. ჩვენ კი შესაძლოა კავკასიელი ლიტველები ვართ. ჩვენს შორის არსებობს კავშირი, რომელიც იგრძნობა ნებისმიერ, პოლიტიკურ, თუ პერსონალურ დონეზე. ეს სითბო იგრძნობა ქუჩებსა და ჰაერშიც, როდესაც აქ იმყოფები.
ზოგჯერ მიჩნდება კითხვა, თუ საიდან მოდის ეს დამოკიდებულება. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვიმყოფებით და განსხვავებულ კულტურებს წარმოვადგენთ, მაგრამ მაინც საუკეთესი მეგობრები ვართ.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის განპირობებული ღირებულებებით და იმ ემოციით, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ზეწოლა. საკუთარი ინტერესების დასაცავად თქვენც საკმაოდ მებრძოლი ერი ხართ, საკმაოდ დრამატული ისტორიით. იმავეს ვიტყოდი საქართველოზე. საერთო დამოკიდებულება, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ თავისუფლებას აშენებს ჩვენს შორის ხიდებს.
წლების წინ ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და დღეს, როგორც ჩანს, თქვენი ქვეყანა გაწევრიანების ზღურბლზე დგას. რა არის პრობლემა და როდის მოხდება ეს?
ცხადია, პრობლემა საქართველოში, ან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაში არ არის. ქართველი მამაკაცები და ქალები სამხედრო ფორმაში ერთად იბრძვიან მალიში, თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირს. ქართველი მამაკაცები და ქალები სამხედრო ფორმაში ნატო-ში ჩვენი მოკავშირეების გვერდით დგანან, როდესაც საქმე ეხება ავღანეთსა და სხვა მისიებს.ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ჯარს და ვავითარებთ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს. საქმე ეხება ევროპის დაღლილობას გაფართოების მხრივ. ეს არის ის პრობლემა, რომელზეც მრავალჯერ ვიმსჯელეთ. ევროპის ისტორიაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო ეპოქაა. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ევროპა იყო მშვიდობიანი, აშენებდა კეთილდღეობას, უსაფრთხოებას და იხვეჭდა სიმდიდრეს. ის აფართოებდა შესაძლებლობებს ყველა მიმართულებით და დღეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე მდიდარი ბაზარი მსოფლიოში. ამ შესანიშნავი შესაძლებლობების და დაცულობის გათვალისწინებით, ცოტა უცნაურია, როდესაც ზოგჯერ ევროპაში გვესმის ტენდენციები, რომლებიც ამცირებენ ევროპული კეთილდღეობის მნიშვნელობას. ეს ეხება ბევრ საკითხს, რომელიც შესაძლოა, რომ აიხსნას, მაგრამ მთავარი საკითხებია დაღლილობა და პროპაგანდა, რომელიც რუსეთის მხრიდან ძალიან აქტიურია.
ჩვენ ძალიან დახვეწილები ვართ ამ პროპაგანდის ამოცნობაში. ქართველებს კარგი თვალი აქვთ, რათა დაინახონ, როდესაც რუსები ცდილობენ მათ შეცდომაში შეყვანას, ან მათთვის ძირის გამოთხრას.
საქართველო ძალიან სტაბილურია და მტკიცედ დგას ამ დაპირისპირებაში, მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რაც ხდება. ეს აღიარებული და ნათქვამია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, მაგრამ როგორია ჩვენი შესაბამისი ქმედებები?
რუსები საქართველოში ცდილობენ, რომ ევროპულ იმიჯის და ევროპის პოზიტიურ არსს ძირი გაუთხარონ და ქართველების გონებაში კითხვების ჩანერგონ, არის თუ არა ჩვენი ევროპული გზა რეალური. ისინი აქ არ ჩერდებიან. რუსები ევროპაშიც ცდილობენ ქართველების იმიჯის შელახვას და კითხვის ნიშნების გაჩენას, ნამდვილად სჭირდება თუ არა ევროპას ქართველები, ნამდვილად მიეკუთვნებიან თუ არა ქართველები ამ კულტურას. ისინი საუბრობენ იმ ერზე, რომელსაც აქვს ათას ხუთასი წლის ევროპული და ქრისტიანული ისტორია; ისინი საუბრობენ იმ ერზე, რომელსაც აქვს საკუთარი კულტურული იდენტურობა და დამწერლობა და რომელიც ბოლო 15 საუკუნის განმავლობაში ევროპული იდენტობის ნაწილია; ერი, რომელსაც ორი ათასწლეულის განმავლობაში ინარჩუნებს საკუთარ სახელმწიფოებრიობა.
რუსები ცდილობენ ევროპაში ქართული იდენტობის შელახვას და ამას აკეთებენ მუდმივად. მე ვწუხვარ იმის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ზოგი ევროპელი მოექცა იმ გაურკვევლობის ქვეშ, რომელსაც რუსული პროპაგანდა ჰქმნის.
შეიძლება ითქვას, რომ ევროპელებს გარკვეულწილად ეშინიათ, რომ რუსეთი არ გაანაწყენონ?
აქ საუბარი არ არის შიშზე, რომ ვინმე უკმაყოფილო დარჩეს. ყოველთვის უნდა გეშინოდეს, რომ ვინმე უკმაყოფილო არ დარჩეს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკოსების მიზანი. პოლიტიკოსები ცდილობენ ხიდების აშენებას და გადაწყვეტილებების მიღებას და არა ვინმეს კმაყოფილებას. ეს არის ეგზისტენციალური აუცილებლობა, რომ ვიყოთ ძალიან გულწრფელნი და პირდაპირნი რუსების მიმართ და ვუთხრათ, რომ ევროპა და კეთილი ნების მქონე ქვეყნები არ მიიღებენ ამ სახის პოლიტიკას. ეს არ არის რუსების უკმაყოფილების საკითხი, არამედ საკუთარი უსაფრთხოების. თუ ამას მეორედ არ გააკეთებ, ხვალ შესაბამისი შედეგების წინ დადგები.
ეს ეხება ყველაფერს. ეს ეხება მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას, ეკონომიკურ პოლიტიკას, თუ პროპაგანდას. თუ არ მოახდენ რეაგირებას დაპირისპირებაში, როდესაც ერთი მხარე წინ მიიწევს, უარეს და უფრო მწარე შედეგებს მოიტანს დაგვიანებული რეაგირება. ეს პროპაგანდა არის ის, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ დავანგრიოთ ჩვენი ურთიერთობები. ეს არ ეხება ლიტველებს, რადგან როგორც დასაწყისში აღინიშნა, ჩვენ განსაკუთრებული გაგება გვაკავშირებს. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რათა ასეთი კითხვის ნიშნები ევროპის გარშემო აღარ გაჩნდეს.
როგორია საქართველოს დღევანდელ მდგომარეობა? აქ შემხვედრი ქართველებიდან საკმაოდ ცოტაა ისეთი, რომელიც იტყვის, რომ საქართველოში ცხოვრება ძნელია, ცხოვრების დონე კი საკმაოდ დაბალი. როგორია თქვენი შეხედულება?
მარტივია, რომ შევხედოთ მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) და დავასკვნათ, რომ საქართველო არ არის დუბაი. ეს არის ფაქტები ფურცელზე. გარდა ამისა, ჩვენ არ გვაქვს კარგი სიმდიდრის განაწილება. ეს არსებული პრობლემებია. დასაქმება პრობლემაა, სიღარიბე პრობლემაა, მაგრამ ჩვენ გვყავს საკმაოდ ეკონომიკურად ორიენტირებული მთავრობა. მაგალითად გასულ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მოლოდინი იყო, რომ საქართველოს ეკონომიკის 3.5% -იანი ზრდა ექნებოდა და ჩვენ 5%-ს მივაღწიეთ, ეს უკვე კარგი მაჩვენებელია. თუ იქნება მშვიდობა და საქართველოს ირგვლივ განხორციელებული ყველა გლობალური პროექტი, რომელიც კასპიის, აზიის სავაჭრო მარშრუტებს აკავშირებს, წარმატებული იქნება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება დადებითი დინამიკა. ეს ასევე დამოკიდებულია გლობალურ ეკონომიკაზე. რამდენიმე წელიწადი ძირითადად კლება იყო, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს უფრო დადებითი მომავალი გვექნება. ჩვენ მოველით დადებით დინამიკას.
საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, რაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერეთ ხელი. მუშაობს და სარგებლიანია, თუ არა ეს ხელშეკრულება?
დიახ, ევროპა გახდა ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი. ევროპასთან გავზარდეთ ვაჭრობა. ეს არ არის დრამატული მაჩვენებელი და ბუმი, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ ევროპაში ექსპორტზე ორიენტირებულნი, ჩვენ უკეთეს საქონელს ვამზადებთ, ვინაიდან ევროპული მოთხოვნები და სტანდარტები გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა შესაძლო ბაზრების. კიდევ ერთხელ, ჩვენ გვაქვს დადებითი დინამიკა, მე არ ვამბობ, რომ ეს განსაკუთრებულია, მაგრამ არსებობს მდგრადი და მუდმივად მზარდი დადებითი დინამიკა ევროპასთან ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით.
მე არ ვარ საქართველოს შიდა პოლიტიკის ექსპერტი, მაგრამ ხანდახან ვკითხულობ ექსპერტების აზრს, რომ ამჟამად არსებობს პოლიტიკური უთანხმოება და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ როგორც ქვეყნის განვითარებას, რეფორმების, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართებაში. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?
უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ განსხვავებულობა დემოკრატიის ნიშანია. ჩვენ უნდა გვქონდეს განსხვავებული მიდგომები და განსხვავებული გადაწყვეტილებები. ვიტყოდი, რომ პოლიტიკური ძალების უმრავლესობას, დიდ უმრავლესობას აქვს ძალიან მკაფიო პროდასავლური და პრო-ევროატლანტიკური მიდრეკილება. დანარჩენი ბუნებრივი დინამიკაა, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც ებრძვის გარკვეულ ეკონომიკურ პრობლემებს. უდავოდ არსებობს პრობლემების გადაჭრის მრავალი გზა და მრავალი იდეა, რომელიც ერთია ეფექტური, ეს სხვა საკითხია, მაგრამ დიახ, ეს არის დემოკრატიის არსი, რომ ქვეყანას გააჩნდეს განსხვავებული იდეები ეკონომიკის, განათლების და სხვა საკითხებზე.
მთავარია, რომ ქვეყნის ზოგადი კურსი ყველა პოლიტიკურ ძალისთვის მისაღებია.
დიახ, ასეა. ვგულისხმობ, იმას, რომ პროდასავლური და პროევროატლანტიკური კურსი იყო და არის უმრავლესობის კურსი. შეიცვალა რამდენიმე მთავრობა და არცერთ მათგანს ვერ ვუწოდებთ ანტიევროპულს. შეიძლება იყოს სხვადასხვა ტემპი, ზოგი უფრო სწრაფი, ზოგი კი უფრო სისტემატური, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მათგანი ევრო და ევრო-ატლანტიკური მთავრობაა და ეს ასე გაგრძელდება.
გვაქვს მაგალითები, როდესაც ერთმა არჩევნებმა შეიძლება შეცვალოს ბევრი რამ, როგორც ეს ახლახანს მოხდა მოლდოვაში და ყველას ეჭვი გაუჩნდეს, სურს თუ არა ქვეყანას კვლავ იმავე გზით სიარული. ეს არ ხდება საქართველოს შემთხვევაში?
არა, რა თქმა უნდა, ეს არ ხდება საქართველოში. შემიძლია გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული სახის იმედგაცრუება ევროპულ ტემპთან დაკავშირებით და ჩვენ ყველას გვსურს, რომ უფრო აქტიური და აგრესიული ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკა გვქონდეს რეგიონში. რა თქმა უნდა, მე შემიძლია ვთქვა, რომ მსურს უფრო აგრესიული ევროპა რეგიონში, მაგრამ ეს არ ცვლის ჩემს რწმენას, რომ საქართველოსთვის არ არსებობს სხვა გამოსავალი, თუ არა ევროპის ნაწილად გახდომა.
თუ ასეთი შეფასების გაკეთება შესაძლებელია, სად იმყოფება ამჟამად საქართველო? რომელ ალიანსთანაა ყველაზე ახლოს, ევროკავშირთან თუ ნატო-სთან?
ვიტყოდი, რომ ეს რთული საკითხია, რადგან არსებობს განსხვავებული დონეები. ჩვენ მივაღწიეთ უმაღლეს დონეს ორივე ალიანსში; ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სფეროები (DCFTA), ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან; ჩვენ გვაქვს ნატო-ს კომუნიკე. ყველა საჭირო ინსტრუმენტი გვაქვს ნატო-ში გაწევრიანებისთვის. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ იმდენად ახლოს ვიმყოფებით ორივე ალიანსის კართან, რომ წინკარი ავაშენეთ შესასვლელის წინ.