​გიორგი მარგველაშვილი - რუსულ პროპაგანდას, რომელიც საქართველოში განსხვავებულის მიუღებლობის დამკვიდრებას ცდილობს, საქართველო იდენტობის გაძლიერებითა და განვითარებით უნდა დაუპირისპირდეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და დემოკრატიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მომავალს მიეძღვნა.
გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მოდერატორის მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის კურტ ვოკერის შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ევროპულ ღირებულებებზე, რუსეთის პროპაგანდაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა და დღეს მის წინაშე დგას გამოწვევა მიაღწიოს ევროპულ ფასეულობებს და გახდეს დასავლური სამყაროს ნაწილი, ევროპული ოჯახის წევრი და მოახდინოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია.
"ჩვენი ისტორია და იდენტობა ჩვენი დღევანდელი არსობის ნაწილია. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ტრადიციებით, წარსულით და მას მრავალმხრივ ვაფასებთ. ჩვენი კულტურა ეფუძნებოდა ღირებულებებს - ინდივიდუალიზმს, თავისუფლებას, ინდივიდის უფლებას გამოხატოს საკუთარი თავი საზოგადოებაში.
ჩვენ ვართ ერი, რომელიც საკმაოდ აქტიურად იცავდა საკუთარ თავს, და ცდილობდა შეენარჩუნებინა საკუთარი იდენტობა და განევითარებინა ის იმ ისტორიულ პროცესში, რომელიც ძირითადად მიზანმიმართული იყო ამ ერის უნიკალურობის განადგურებისაკენ.
თუ არ მოხდება სახელმწიფოს ცნების განსაზღვრება, ვერ ვისწავლით განსხვავებების მიღებას, არ ვიქნებით ტოლერანტულები სხვა ადამიანების მიმართ, ვერ ჩამოვყალიბდებით ასეთ ქვეყნად.
ტოლერანტობა ჩვენი კულტურის ნაწილია. საქართველოში არის ის კულტურა, სადაც პატივს სცემენ ტოლერანტობას.
ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ სხვა ადამიანებიც ამ კულტურის ნაწილი არიან, რელიგიური, ეთნიკური, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.
თუ ამას ვერ მივიღებთ, ვერ დავინახავთ განსხვავებებს, ეს იქნება ჩვენი ერის კოლაფსი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, დღეს რუსული, რბილი ძალის პროპაგანდა ქართულ პოლიტიკურ სოციალურ გარემოს თავს ახვევს განსხვავებულის მიუღებლობის დამკვიდრებას, რასაც საქართველო უნდა შეეწინააღმდეგოს ძლიერი იდენტობით, რომელიც განსხვავებულის მიმღებლობას და ტოლერანტობას ეფუძნება.
საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი პოლიტიკური ძალისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მმართველ პოლიტიკური ძალის დისკუსიებში მუსირებს აზრი, რომ ჭეშმარიტება უმრავლესობაში, ანუ არჩევნებში მიღებულ ხმებშია. ყველაზე დიდი მარცხი მთავრობაში არის ის, რომ შეიქმნას სუსტი ოპოზიცია. "ჩვენი ამოცანაა არა ის, ვიყოთ ერთადერთები - არამედ, ვიყოთ საუკეთესოები!“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ჩიხშია შესული და მისი აზრით, საჭიროა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა, რათა საქართველომ აჩვენოს თავის პარტნიორებს, რომ შეუძლია ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც უფრო მეტია ვიდრე პარტიული დოკუმენტი.
“გვესმის, რომ კონსტიტუცია მეტია, ვიდრე ერთი პარტიის მიერ მისაღები დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქმნის სახელმწიფოს. ეს არის თამაშის ყოვლისმომცველი წესი. ეს არ არის ერთი პარტიის დოკუმენტი.
უნდა ვეცადოთ, შევთავაზოთ მმართველ პარტიას ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებების მისივე პაკეტში.
მმართველი ძალის ადგილზე მე გავიზიარებდი ამ მიდგომებს.
შევხედავდი, რა იქნებოდა პოლიტიკური პარტიების გაერთიანებული ხედვა, ჩემს ხედვებს უკან გადავდებდი. ეს დოკუმენტი მალე შემუშავდება და ეს არის ცვლილებები იმ პაკეტში, რაც “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა.
ჩვენ პარტიის მიღმა უნდა გავაკეთოთ ის ცვლილებები, რომელიც არის მომავლისთვის. ვხედავთ, რომ ეს პროცესი ჩიხში შევიდა. შემუშავებულია ცვლილებების ის ვერსია, რომელსაც ერთმა პარტიამ მიაღწია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ნარატივი მკაფიო და ნათელია - მიმართულია გატეხოს ქართული საზოგადოების მორალი, შეაგუოს  ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტს და ამ ახალი რეალობით მიგვიყვანოს მოლაპარაკების მაგიდასთან - ამ ისტორიულ უსამართლობას საქართველო არასოდეს შეეგუება.
გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ და აქტიურ საერთაშორისო მხარდაჭერას, რადგან საქართველო მზადაა დაიცვას ევროპული ფასეულობები და დაუპირისპირდეს რუსულ ძალას არა მხოლოდ აქ, ადგილზე.