გიორგი მარგველაშვილი - საქართველომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის კონსოლიდაცია უნდა მოახდინოს
საქართველოს და პოლონეთის პრზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პოლონეთს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესების მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ პოლონეთის სახით საქართველოს ჰყავს ძლიერი მხარდამჭერი და ალიანსში აქვს ძლიერი ქვეყნის პრინციპული ხმა.
დღესვე საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავს მიეძღვნა.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც საქართველოსა და პოლონეთს შორის აღდგენილ დიპლომატიურ ურთიერთობებს ეძღვნება.
პოლონეთი იყო იმ ქვეყნების რიგში, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა ერთერთმა პირველმა სცნო, მაშინ როდესაც ჩვენი პირველი რესპუბლიკა იდგამდა ფეხს.
მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს - მადლობა მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს აქვს პოლონეთისგან. მადლობა იმ მტკიცე პოზიციისთვის, რომელიც პოლონეთს უკავია საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს, ევროკავშირისა და გაეროს ფორმატებში.
ჩვენ ყველგან ვგრძნობთ, რომ ბატონი პრეზიდენტი და პოლონეთი ტრადიციულად ძლიერი მხარდამჭერია იმ სულისკვეთების, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ სიტყვა თვისუფლებისმოყვარე ერების მხარდაჭერა.
ამ კონტექსტში საქართველოს მართლაც ჰყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და აქვს პრინციპული ხმა ძლიერი ქვეყნისა, როგორც ევროატლანტიკურ კავშირში, ასევე ევროკავშირში.
შესაბამისად, მე მეძლევა შესაძლებლობა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს იმ მიღწევებისთვის, რაც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით. იქნება ეს ჩვენი ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ნატოსთან გაფართოებული თანამშრომლობის პროცესი , თუ სხვა წარმატებები.
ჭეშმარიტად ისტორიულად პოლონელი ხალხი ქართულ სახლემწიფოს და ქართველების გვერდით დგას. ბატონ პრეზიდენტს გარკვეული გულისტკივილითაც, მაგრამ ამავე დროს მადლიერებით შეგვიძლია ვუთხრათ მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც მის წინამორბედ კაჩინსკის ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში.
მართლაც, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც მტრის არმია შემოდიოდა საქართველოში, ჩვენს გვერდით იდგა პოლონეთის პრეზიდენტი და მე დღეს მინდა პრეზიდენტ დუდას მადლობა ვუთხრა იმ ტრადიციების გაგრძელებისთვის, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს ბატონმა კაჩინსკიმ აჩვენა.
ჩვენ ვისაუბრეთ ორმხირივი ურთიერთობის თაობაზეც, ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა, როგორც ვაჭრობის, ასევე ტურიზმის, ასევე განათლების სფეროში, თუმცა მთელი ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
ბატონო პრეზიდენტო მინდა ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი კმაყოფილება იმით, რომ თქვენ ჩამობრძანდით საქართველოში, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, იმ სიმტკიცეს, რომელიც აქვს ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას და ქართულ ხელისუფლებას, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის, ასევე ევროკავშირის მიმართულებაში, ერთგულებას იმ ღირებულებისადმი, რაც ჩვენ გვაერთიანებს.
ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალები აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ როგორც რეგიონი, ასევე გლობალურად სიმშვიდე და სტაბილურობა იქნეს უზრუნველყოფილი მსოფლიოში.
ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ის როლი, რომელსაც პოლონეთი თამაშობს როგორც „ვიშეგრადის“ კონტექსტში, ასევე სამი ზღვის თანამშრომლობის კონტექსტში, ასევე რეგიონის განვითარების კონტექსტში იქნება ნამდვილად კიდევ უფრო გაძლიერებული და იგულეთ საქართველო, როგორც მტკიცე პარტნიორი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო, მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყნების წყალობით, ძლიერია ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მხარდაჭერა და მოვახდინოთ მისი კონსოლიდაცია.
„საქართველომ ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სანამ ეს სამიტი ჩატარდებოდა. ამ თვალსაზრისით, მე უშუალოდ მქონდა კონტაქტები ლიტვის, ლატვიის პრეზიდენტებთან, სლოვაკეთის პრეზიდენტთან, დღეს ბუნებრივია, ამის შესაძლებლობა მომეცა პოლონეთის პრეზიდენტთან.
საქართველოს პოზიცია ამ თვალსაზრისით მდგომარეობს შემდეგში, ჩვენ გვყავს ძლიერი მხარდამჭერები და ნათელია, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც ძალიან მტკიცე პოზიცია აქვთ ნატოსთან მიმართებაში არიან ჩვენი პარტნიორები, ისეთი მტკიცე პარტნიორები, როგორიც პოლონეთია.
ასევე შევეცდებით, გავაერთიანოთ ის სულისკვეთება, ის მესიჯები, რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგ სამიტზე.
ჩვენ გვყავს სერიოზული მხარდამჭერები ნატოსა და ევროკავშირში რომლებსაც ესმით, რომ თუ ამ გამოწვევებს არ გაეცა ნათელი პასუხი სწორედ საქართველოს მაგალითზე, ეს გამოწვევები შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული იყოს მომავალში, თვითონ ევროკავშირისთვის და ნატოსთვის.
ასეთი მხარდამჭერები დიდი რესურსია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის.
ჩვენ ვუყურებთ იმ გზას, რომელიც გაიარეს ჩვენმა პარტნიორებმა ბალტიისპირეთში და ცენტრალურ ევროპაში. ჩვენ ამ გზიდან ვიღებთ მაგალითებს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ ამ გზაზე, იმიტომ რომ გვყავს პოლონეთისნაირი ჩვენი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისნაირი მხარდამჭერები. ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და მოვახდინოთ ამ მხარდაჭერის კონსოლიდაცია.
კიდევ უფრო შთამბეჭდავი ფონი ამისთვის შექმნა ნატოს საპარლამენტო ასამბელის იმ რამდენიმედღიანმა ღონისძიებამ, რომელიც თბილისში ჩატარდა. ესეც არამარტო გზავნილია, არამედ მშვენიერი ფონია იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მოვახდინოთ, როგორც პრობლემების გააზრება, ასევე მომავალზე კონცენტრირება”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ანდჟეი დუდამ მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მოწვევისა და საქართველოში გულთბილი მასპინძლობისათვის.
ანდჟეი დუდა პოლონურ- ქართული ბიზნესფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ფორუმი შესაძლოა, პოლონეთის სამთავრობო გეგმის განხორციელების ფარგლებში ჩატარდეს, რომლითაც პოლონეთი გააფართოვებს ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან.
დუდას განცხადებით, საქართველო ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მსწრაფი ქვეყანაა და პოლონეთის ხელისუფლება მოუწოდებს ბიზნესმენებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და შესაბამისად, მოუწოდებს ქართველ ბიზნესმენებს, ჩავიდნენ პოლონეთში განავითარონ ბიზნესკავშირები და ჩადონ ინვესტიციები.
საქართველოსა და პოლონეთის ისტორიულ, ტრადიციულ მეგობრობაზე ისაუბრა და ამ ურთიერთობების გაღრმავებაში ლეხ კაჩინსკისა და მარშალ იუზეფ პილსუდსკის როლზე ისაუბრა, რომლის სახელობის ქუჩაც ვიზიტის ფარგლებში, თბილისში გაიხსნება.
„მე მომეცა შესაძლებლობა, რომ გავაგრძელო ის გზა, რომელიც დაიწყო პროფესორ ლეხ კაჩინსკის პრეზიდენტობის პერიოდში. ყველამ ვიცით პოლონეთში, რომ ის იყო საქართველოს დიდი მეგობარი, მას უყვარდა საქართველო, ის ემოციებით იყო განმსჭვალული ამ ულამაზესი ქვეყნის მიმართ. მას, როგორც, ძალიან მაღალი დონის პოლიტიკოსს შესანიშნავად ესმოდა საქართველოს, როგორც პოლონეთის, ასევე დასავლეთის ქვეყნების, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრების მოკავშირის სტრატეგიული მნიშვნელობა.
არცერთ სხვა პოლიტიკოსს არ ესმოდა ასე ღრმად საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ქართული ერის თავისუფლების, ქართველი ერის სურვილის - ევროპასთან ერთიანობის მნიშვნელობა.
მე ვაფასებ, საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისაკენ, ნატოსკენ და როდესაც კრიტიკული მომენტი დადგა 2008 წელს და რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის არც კი უყოყმანია, ის მაშინათვე ჩამოვიდა ცენტრალური ევროპის ლიდერებთან ერთად საქართველოში, თბილისში, რათა მყარად დამდგარიყო თქვენთან ერთად ამ მტრული და მზაკვრული ძალის წინაშე. საბედნიეროდ, ეს აგრესია საბოლოოდ შეჩერდა იმ მომენტისათვის.
დიდი კმაყოფილება მინდა გამოვხატო როგორც უბრალოდ პოლონელი კაცისა, რომ მე თქვენთან ერთად ვიმყოფები დღეს თავისუფალ საქართველოში, დამოუკიდებელ თბილისში.
თქვენ რამდენიმე დღის წინ იზეიმეთ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი და სულ მალე ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების განახლების ასი წლისთავს აღვნიშნავთ, რომელიც რეალურად 1919 წელს დაიწყო და დიდი პოლონელის, მარშალ იუზეფ პილსუდსკის მონაწილეობით მოხდა.
ჩვენი ურთიერთობა 99 წლის შემდეგ კვლავ აღსდგა, მას შემდეგ რაც პოლონეთმა და საქართველომ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, კვლავ, თავიდან. ეს არის ის სპეციფიური მომენტები ჩვენს ისტორიაში“, - აღნიშნა ანდჟეი დუდამ პრესკონფერენციაზე.
ანდჟეი დუდას განცხადებით, როდესაც ნატოს ფორუმებზეა საუბარი იგი ემხრობა ნატოს გაფართოების შესაძლებლობების შესახებ, რადგან ნატო მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტორია, განსაკუთრებით მსოფლიოს ევროპულ ნაწილში.
„დასავლური საზოგადოება ეს არის სამშვიდობო საზოგადოება. ნატო არ არის აგრესიული ალიანსი, არამედ ის იყო მუდამ თავდაცვითი ალიანსი.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კოლექტიურ თავდაცვაზე, სოლიდარობაზე, აქ ფაქტობრივად იგულისხმება ნატოს ყველა ქვეყანა, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს უსაფრთხოება ამ ორგანიზაციისათვის, იმიტომ რომ თქვენ დამისვით ამაზე შეკითხვა ზუსტად, საქართველო არის მუდმივად ყურადღების ცენტრში ნატოსი, ის არის პარტნიორი, ისევ და ისევ სოლიდარობის საფუძველზე ნატოსი.
მე მინდა, ბატონო პრეზიდენტო დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც არის ქომაგი საქართველოსი ნატოში და მე კიდევ ერთი არგუმენტი მექნება ჩემს ხელში, დავდებ ამას მაგიდაზე ნატოში და ვიტყვი;
შეხედეთ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არის ლოიალური ქვეყანა ნატოს მიმართ, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მუდმივად ახდენს დემონსტრირებას, თავისი ცხოვრებისა ყოველ საფეხურზე ნატო-ს წევრობისადმი ერთგულებას. ამ იდეისადმი და ამიტომ მე ვიტყვი, რომ საქართველო მზად არის უკვე, რომ სრულუფლებიანი წვერი გახდეს ამ საზოგადოებისა.
რაც შეეხება წევრობას საქართველოსი ნატო-ში, ეს პოლიტიკურად რთული პროცესი გახლავთ. საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური მდებარეობა არის მისთვის განსაკუთრებული ნიშანი და მე იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო იქნება ნატოს წევრი, იქნება სრულუფლებიანი წევრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა.
დღეს მივდივართ ჩვენ აქეთკენ და ფაქტიურად თვითონ გადაწყვეტილება ნატოსი, რომ ის მზადაა გააფართოოს თავისი არეალი და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ნატოს წევრი ყველა ქვეყნის მიერ, აი ეს არის საწინდარი იმისა, რომ შემდგომი ჩვენი ხელშეწყობა საქართველოსი, მიგვიყვანს საქართველოს სრულუფლებიან წევრობამდე”, - აღნიშნა ანდჟეი დუდამ.