​გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს და აშშ-ს მტკიცე ურთიერთობა ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდშიც შენარჩუნდება

„საქართველო ელის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, ტრამპის რუსეთთან კავშირის გაღრმავების სურვილის მიუხედავად, მაინც მტკიცე დარჩება და NATO-სთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სააგენტო Reuters-ისთვის მიცემულ ინტევრიუში.
 
ტრამპმა ვლადიმერ პუტინის ქება-დიდებით და იმ განცხადებით, რომ აშშ აღარ დაიცავს მოკავშირე ქვეყნებს და თავდაცვაზე მხოლოდ მცირე რესურსს დახარჯავს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია.
 
საქართველოს NATO -ში გაწევრიანება სურს, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა გაწევრიანების შანსები შეამცირა, ხოლო რუსეთი, რომელთანაც საქართველოს 2008 წელს ხანმოკლე ომი ჰქონდა, მტკიცედ ეწინააღმდეგება ქვეყნის ამ მისწრაფებას.
 
საქართველოს პრეზიდენტი ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.
 
„ჩვენი ურთიერთობა და კომუნიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე ჩვენს მეგობრებთან კონგრესში, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან, შენარჩუნდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ინტერესებზე და მიზნებზე, რომლებსაც ვიზიარებთ ბოლო 25 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
ჩვენ არასოდეს გვქონია პრობლემები ჩვენს მოკავშირეებთან დაკავშირებით. საქართველო დაინტერესებულია ქვეყნის დღის წესრიგის გააქტიურებით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ დღის წესრიგს არაფერი ემუქრება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
 
საქართველო, NATO -ს რეკომენდაციის თანახმად, თავდაცვის სფეროში სახელმწიფოს რესურსის დაახლოებით, ორ პროცენტს ხარჯავს, მაგრამ ეს მაინც არ უტოლდება ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეების რესურსს.
 
ჯორჯ ბუშის და ბარაკ ობამას ადმინისტრაციები საქართველოს დიდ სამხედრო დახმარებას უწევდნენ და ხაზს უსვამდნენ საქართველოს მიმართ რუსეთის უპატივცემულობას მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2008 წლის ომის დროს მხარი დაუჭირა საქართველოს ორი რეგიონის ავტონომიურობას.
 
საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის სეპარატისტული ძალების კონტროლის ქვეშაა. საქართველო დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს გავლით ხდება კასპიის ნავთობის და გაზის ევროპაში გატანა.
 
"უფრო აქტიური დღის წესრიგი"
 
საქართველო ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას ცდილობს. 2014 წლის ივნისში ქვეყანამ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ქვეყანაში იმედოვნებდნენ, რომ ამ ხელშეკრულებას ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება მოჰყვებოდა.
 
პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროა, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი კვლავ გადაუწყვეტელია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა ყველა საჭირო მოთხოვნა შეასრულა.
 
,,ევროკავშირი, ისევე როგორც NATO, გამოწვევების გადაფასების კონსერვატიულ ეტაპზე არიან. ვფიქრობთ, რომ ეს კონსერვატიული ეტაპი უნდა დასრულდეს რაღაც ეტაპზე უფრო აქტიური და უფრო ინტენსიური დღის წესრიგით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
 
47 წლის, პროფესიით ფილოსოფოსი პრეზიდენტის თქმით, რუსეთი, როგორც საქართველოს საბჭოთა ეპოქის მბრძანებელი, სერიოზული საერთაშორისო მოთამაშეა და მიუხედავად დაძაბულობისა, თბილისი მაინც განაგრძოს მოსკოვთან კონსტრუქციულ დიალოგს.
 
„მიგვაჩნია, რომ რუსეთი ის ფაქტორია, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მისმა მეზობლებმა, ასევე სხვა საერთაშორისო მოთამაშეებმა. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა მიზნად ისახავს რაციონალური დიალოგის და მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
 
მისი თქმით, რუსეთთან კარგი ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
 
„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია. ჩვენი საზოგადოება და საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამას არასოდეს მიიღებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.