​გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემები არაძალადობრივად - ევროპულ კონტექსტში გადაწყდება

საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო-ლიტვის თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც საქართველომ მიაღწია ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობას, ახლა თავისუფალ უვიზო მიმოსვლას, აქ ამ წერტილში არ მთავრდება და მომავალშიც გაგრძელდება.
“ამ თვალსაზრისით მე ქალბატონ პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი უაღრესი ინტერესი მომავალი ნატოს სამიტის მიმართ. საზოგადოებამ იცის რომ ნატოს სამიტი იქნება შეზღუდული ფორმატის, სადაც არაწევრი ქვეყნები არ იქნებიან წარმოდგენილი და მე ვთხოვე ტრადიციულად ჩვენს მეგობარს ქალბატონ გრიბაუსკაიტეს, ადამიანს რომელსაც არაერთ სამიტზე და საერთაშორისო ფორუმზე დაუცავს საქართველოს ინტერესი, რომ განსაკუთრებით მიაქციოს ყურადღება ჩვენს დღის წესრიგს და ჩემი პირადი სახელით საქართველოს პოზიცია დააფიქსიროს ამ სამიტზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს დღის წესრიგი, მათ შორის, ლიტვის მეცადინეობით სერიოზულად წამოიწევა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტვის პრეზიდენტს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის  მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ გასაღრმავებელია საქართველოს მონაწილეობა სატრანზიტო პროექტებში, რომლითაც ლიტვაც არის დაინტერესებული.
“როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვა, ხალხებს შორის თანამშრომლობა და თავისუფალი უვიზო მიმოსვლა ამ თანამშრომლობას დამატებით შესაძლებლობას შესძენს, როგორც ვაჭრობის, კულტურის, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობისა და  ბიზნესის თვალსაზრისით”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველო ლიტვაში სიმბოლური დელეგაციითაა წარმოდგენილი. დელეგაციით, რომელშიც არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების  წარმომადგენლები.
“დღეს აქ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ აფხაზური და ოსური წარმოშობა, ჩვენს შორის არის აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპაციის შედეგად დევნილი საქართველოს მოქალაქე.
მე დღეს ამ დელეგაციის წინაშე და ჩვენი მეგობარი ხალხის წინაშე კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, იმას რომ ის სირთულეები, რაც აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აუცილებლად გადაწყდება არაძალადობრივი გზით და აუცილებლად გადაწყდება ევროპულ კონტექსტში და ევროპულ ფორმატში.
დაბოლოს, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ერთმანეთს არაერთხელ შევხვედრივართ. სამი წლის წინ, სწორედ აქ დაიწყო ჩემი პირველი ვიზიტი, სამიტის ფარგლებში.
თქვენ დამდეთ პატივი და იყავით ჩემს ინაუგურაციაზე და მე ვიქნები ბედნიერი, თუ თქვენ ჩამობრძანდებით საპასუხო ვიზიტით საქართველოში” ,- მიმართა გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს.
ლიტვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა შესაძლებელი გახდა სწორედ საქართველოს მეგობრების, მათ შორის, ლიტველების წყალობით და დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც ძალიან სასიხარულოა ლიტველებისათვის.
დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ქართველები, ლიტველები, ბალტიისპირეთის ქვეყნები - მომავალ წელს ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღვნიშნავთ, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.
“1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია იყო აღმოჩენილი, აგრეთვე ეს ისტორიული დოკუმენტი საკუთარი მნიშვნელობით და ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე დავუკავშირდით ქალბატონ მერკელის ოფისს და დავიწყეთ იმის გამოძიება, თუ რამდენად შეიძლება ეს დოკუმენტი, რომელიც ახლა გერმანიაშია, გადმოვიტანოთ ლიტვაში”, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, ლიტვა, მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს და მის ინტეგრაციულ პროცესებს ევროკავშირში. ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება უკვე სრულად ამოქმედდა.
როგორც ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რომ ძალისხმევა, რომელიც ჩვენ გავწიეთ წახალისებული იყო რეფორმებით, რომელიც განხორციელდა საქართველოში, თუმცა ძალიან ბევრი რამ კიდევ უნდა გაკეთდეს;
“აუცილებელია რეფორმები გაგრძელდეს სასამართლო სექტორში, სამოქალაქო სექტორში; აგრეთვე, უნდა გაგრძელდეს პროკურატურის რეფორმების პროცესი და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს, შეგვიძლია მოგცეთ რჩევები'', - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.
მისი განცხადებით, ლიტვას აწუხებს მედიის თავისუფლების საკითხი და ევროპა ძალიან ყურადღებით აკვირდება იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს სააქართველოში.
“სიტყვის თავისუფლება და პლურალიზმი უნდა იყოს გარანტირებული, უზრუნველყოფილი და შეზღუდვები ამ მიმართულებით შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით”, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, ლიტვა მზადაა დაეხმაროს საქართველოს, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, ყველამ მიიღოს საერთო გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, როგორც 2008 წელს მიიღეს გადაწყვეტილება.
“ჩვენ ვხედავთ რა ხდება საქართველოს საზღვრებზე - სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში; ვხედავთ, რომ ეს არის ღია ანექსია, რომელიც დაიწყო და კვლავ გრძელდება და ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ პროცესს.
ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს; კარგად ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს, რადგან ჩვენც გავიარეთ ეს პერიოდი, რუსეთის აგრესიული ქმედებები ჩვენს საზღვართან და, თუ არა ჩვენ, ვის შეუძლია გაიგოს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო და, თუ არა ჩვენ, ვის შეუძლია წამოჭრას ეს საკითხები საერთაშორისო დონეზე”, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.
ლიტვის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროპასთან და ლიტვა ყოველთვის იქნება სწორედ ის სახლმწიფო, რომელიც დაეხმარება საქართველოს მის ძალისხმევაში - მოხდეს თქვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში და გახდეთ ნატოს სრულფასოვანი წევრი.
პრესკონფერენციაზე ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები საქართველო - რუსეთის ურთიერთობებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხებით, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებით დაინტერესდნენ.