​გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად ასახელებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.
"დაახლოებით სამი დღის წინ ვიყავი აჭარაში, გავმართე კონსულტაციები. იმ მომენტისთვის, როდესაც მე გავმართე კონსულტაციები, "ქართული ოცნების" მიერ ერთი კანდიდატურა - თორნიკე რიჟვაძე იყო წარმოდგენილი. ოპოზიციასთან მე გამოვხატე გაკვირვება, რომ ალტერნატიული კანდიდატურა არ იყო წარმოდგენილი, თუმცა შემდეგ ოპოზიცია ჩამოყალიბდა ბატონ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე.
მე თავისთავად, დადებითად მივიჩნევ კანდიდატურების დასახელების და საზოგადოებისთვის წარდგენის დემოკრატიულ პროცესს და მიმაჩნია, რომ კონკურენტული პოლიტიკური გარემო ქვეყნის დემოკრატიული ფუნქციონირების წინაპირობაა. ამასთან ერთად, გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ბატონ თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. შემდგომ პროცედურებს ანა ნაცვლიშვილი გაივლის აჭარის უმაღლეს საბჭოსთან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.