გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო საქართველოში აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა:"ვუსამძიმრებ ამერიკელ ხალხს, ბატონ ჯორჯ ბუშის ოჯახსა და ახლობლებს ქვეყნის ღირსეული შვილის გარდაცვალებას.
ჯორჯ ბუში ქართველებს გვახსოვს საბჭოთა იმპერიის დემონტაჟის დროს, საქართველოს აღიარების უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ მომენტში.
მისი სახელმწიფო მოღვაწეობის უაღრესად წარმატებული გზის გარდა, არ დაგვავიწყდება მეორე მსოფლიო ომის ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა გმირი პილოტიც, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, და ის ადამიანი, ვინც ერთერთი ყველაზე სახელმწიფოებრივი წერილი მისწერა, პრეზიდენტობის პრაქტიკაში, მის შემდგომ პრეზიდენტს, სადაც დალოცა და წარმატებები უსურვა მის ყოფილ კონკურენტს.
ქართველი ხალხის სახელით თანადგომას ვუცხადებ ჩვენს მოძმე ამერიკელ ერს დანაკლისის ამ მძიმე წუთებში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სამძიმრის წერილში.