​გიორგი მარგველაშვილმა ესეების კონკურსში "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და საქართველოს პრეზიდენტმა გამარჯვებულებს სიგელები და საჩუქრები პირადად გადასცა. სტუდენტებისა და პროფესორ -მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ჩატარდა რომელიც "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტმა" (EARI) განახორციელა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისათვის.
"ის შედეგი, რომელიც ჩვენ მიზნად გვქონდა განსაზღვრული მიღწეულია. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას და იმ ადამიანებს ვინც ჩაერთნენ კონკურსში და ჩვენი საზოგადოებრივ - პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი გახადეს თავისი შემოქმედება. ეს შედეგი მიღწეულია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მომავალ თაობას, და საკუთარ თავს ამ გამოცემის მეშვეობით ვეუბნებით ძალიან მნიშვნელოვანს. ვეუბნებით იმას, რანაირად გვესმის ჩვენი ერის განვითარების გზა და ჩვენი ერის განვითარების მომავალი.
ჩემს თაობაში გარკვეულწილად ბევრად უფრო იოლად იყო საქმე, ჩვენთვის ნათელი იყო ვინ იყო ჩვენი შემბოჭველი, ვინ იყო ჩვენთვის მტერი. ჩვენ ვიზრდებოდით საზოგადოებაში, სადაც შავი და თეთრი ბევრად უფრო ნათლად ჩანდა ჩვენს წინაშე. ძალიან მარტივი იყო, ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოს აქვს დიდი ისტორია და დიდი წარსული და რომ აი ამ ენერგიას, ამ შემოქმედებით უნარს, ამ თავისუფლებისკენ მისწრაფებას აჩერებს მარტივად, საბჭოთა კავშირი.
ის იმპერია, რომელიც ყოველივე დამოუკიდებელს, ყოველივე თავისუფალს ბოჭავს. ძალიან რთული იყო, მაგრამ მეორე მხრივ ბევრად უფრო ადვილი, იმიტომ რომ ნათელი იყო ეს ალტერნატივა ბევრად უფრო ზედაპირზე იყო წარმოდგენილი. ბევრად უფრო რომანტიული იყო ჩვენი მოლოდინიც იმასთან დაკავშირებით, რისი შემძლეები ვიყავით, როდესაც ამ ბორკილებისგან დავიხსნიდით თავს.
ჩემი აზრით იქ მოქმედებაც ბევრად უფრო ადვილი იყო, იმიტომ რომ მიზანი იყო დავშორებოდით ამ რაღაც ჩაბეტონებულ ყოფას. ბევრად უფრო რთული არჩევანის წინაშე დავდექით, როდესაც გავხდით დამოუკიდებელნი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და საქართველოს, ქართველებს დაგვიდგა ყოველდღიური არჩევანი, არჩევანი, რომელშიც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ნაბიჯი და ამ ნაბიჯის გარანტორები ჩვენ თავად უნდა ვყოფილიყავით, არა იმიტომ რომ ვიღაც გვაძალებდა, მიგვითითებდა ან გვიშლიდა, არამედ ეს ნაბიჯი უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ, საკუთარ თავზე აღებით, საკუთარი რისკის გათვალისწინებით, საკუთარ ღირებულებებზე დაყრდნობით. და დაიწყო ბევრად უფრო რთული ყოფა და ასეც არის თავისუფალი ადამიანის არჩევანი და ყოფა ბევრად უფრო რთულია, და ამ რთულ ყოფაში დაიწყო ბევრი ფიქრი, განცდა, ემოცია, შეცდომა და ამ შეცდომის გამოსწორების სურვილიც”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა და პროფესორ -მასწავლებლებმა. სულ შემოვიდა 93 ესე, აქედან შეირჩა 26 საუკეთესო, სიმბოლურად 26 მაისთან დაკავშირებით და გამოიცა კრებულის სახით. წიგნი საჩუქრად გადაეცემა ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. ჟიური შედგებოდა 5 წევრისგან:  ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თემურ ჯოჯუა, ეკა ტოგონიძე, გიორგი კეკელიძე, ფიქრია ჩიხრაძე.
ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმები იყო: პირველი რესპუბლიკის ასწლეულის ანალიზი და შეჯამება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევების ხედვა, ნაშრომის აკადემიური სტილი, თემის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან. ნაშრომები შეფასდა 10-ქულიანი სისტემით.
სტუდენტებს შორის გამოვლინდა პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები:
I ადგილი - ნანი მანველიშვილი (თსუ)
II ადგილი - ლანა კაპანაძე (თსუ)
პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული გამოვლინდა პროფესორ-მასწავლებლებს შორისაც:
I ადგილი - ზვიად დოლიძე (IBSU)
II ადგილი - თინათინ მშვიდობაძე (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი)
საპრიზო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს გადაეცათ ფულადი ჯილდო, I ადგილისთვის 1500 ლარი, II ადგილისთვის - 1000 ლარი. კონკურსის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა კრებული, სადაც შესულია გამარჯვებული ესეები. საუკეთესო 26 ესეს ავტორს კი კრებულთან ერთად გადაეცა სიგელები და საჩუქრები.