გიორგი მარგველაშვილს შვეიცარიის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიის ელჩს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემისა და ნდობის სულისკვეთებას, საერთო ღირებულებებს, პარტნიორობის შესახებ საერთო ხედვას და თანამედროვე გამოწვევების სწორად გაგებას. მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის სხვადასხვა დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში და ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ფედერაციასთან შვეიცარიის მედიაციის როლი, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევებისა და გადაუჭრელი პრობლემების თვალსაზრისით. საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.