​იძულებით გადაადგილებული ქალები პროფესიულ განათლებას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტით მიიღებენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანი აკადემიასა და ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან  ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მოაწერა. მემორანდუმის ფარგლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებს პროექტს, რომელიც მიმართულია იძულებით გადაადგილებული ქალბატონების პროფესიული განათლების მიღების და შემდგომი დასაქმების უზრუნველსაყოფად.
"აქ ამ პროექტის ფარგლებში დევნილი ქალბატონები ეუფლებიან ისეთი ტიპის პროფესიებს, რომლებიც ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე და შემდგომ შესაძლებელი გახდება მათი უფრო ეფექტიანად დასაქმება.
ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ბმა საგანმანათლებლო პროდუქტის მიწოდებასა და ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს შორის. ამ შემთხვევაში, ეს პროექტი რეალობის სრულად ადეკვატურია", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მემორანდუმით, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ერთობლივად განახორციელონ პროექტები: პროფესიული განათლების ხელშეწყობის, ინოვაციური და მოთხოვნადი სასწავლო კურსების მიწოდების, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის, ასევე, შესაბამისი განათლების მიწოდების გზით ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.